თამარ დვალის ბავშვობის ახდენილი ოცნება და „სუხიშვილების“ მოცეკვავემ როგორ დააბრუნა ემიგრანტი საქართველოში

4107

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი

საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ცეკვას ძველ დროში რელიგიური, მაგიური, საქორწინო, ხოლო განვითარებული საზოგადოებისათვის სოციალური  და მხატვრული დანიშნულება აქვს… მოკლედ, რთულია ხელოვანზე ისე ისეუბრო, თითქოს არაფერიო… რადგან მათი ნატიფი სულისა და სხეულის, შემოქმედების ჩაწვდომა ისევე რთულია, როგორც თავად ადამიანის ბუნება… მოკლედ, ხელოვანია `ქართული ელიტის~ სტუმარი, ადამიანი, რომელმაც ერთი ნიჭიერი ემიგრანტი კაცი დააბრუნა საქართველოში და თუ როგორ, ამასაც მოგახსენებთ…

„სუხიშვილების“ ცეკვამ რომ ბევრი სიკეთე და დიდი აღიარება მოუტანა საქართველოს, ეს ყველამ იცის, მაგრამ, ეს დიდი და კარგი ამბავი ალბათ ბევრმა არ იცის და ახლა მოგახსენებნთ… მაშ ასე, თორნიკე ბოლქვაძემ ჯერ თსუ დაამთავრა, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით, შემდეგ ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა – იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ საკმაოდ წარმატებული იურისტი გახდა ქართველი ემიგრანტი. აშშ-ის მოქალაქეობაც მალევე მიიღო და არც სამსახურით იყო უკმაყოფილო და არც ცხოვრებით – ღმერთის წყალობას ხომ ყოველთვის გრძნობდა ახალგაზრდა ქართველი დედასამშობლოდან… სწორედ რომ სამშობლოდან გასტროლზე საცეკვაოდ ჩასული ქართველი ოჯახის შვილი – თამარ დვალი გაიცნო… და გახდა მისთვის საოცნებო დედოფალი… თორნიკე ბოლქვაძის სამშობლოს სიყვარულს სახე და სულმშვენიერი ასულის ტრფიალი დაემატა, რამაც 13 წლიანი ემიგრაციაში ცხოვრების შემდეგ გადააწყვეტინა დაბრუნებულიყო საქართველოში… თუმცა, მანამდე, საინტერესო და რომანტიული სიყვარულის ისტორია ჰქონდათ… ასეთი სიყვარულის შედეგად შექმნეს ოჯახი, ჰყავთ ერთი პატარა მშვენიერი ქალიშვილი თაია (ძველი ქართული სახელია და თურმე ამომავალი მზის სხივს ნიშნავს)…

წაიკითხეთ ეს ინტერვიუ ქართული ნაციონალური ბალეტის სოლისტთან, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორთან, თამარ დვალთან…

– ქალბატონო თამარ, გვითხარით რა ასაკიდან დაიწყეთ ცეკვა და საერთოდ, თქვენი შემოქმედებითი  ცხოვრების შესახებ.

– სამი წლის ვიყავი, როდესაც დედამ რკინიგზელთა სასახლეში კლასიკური ბალეტის წრეზე მიმიყვანა, ეს იმ ურთულეს პერიოდში მოხდა, თბილისში ომი და გაჭირვება რომ იყო. მიუხედავად ამისა, იმ დღიდან სისტემატიურად დავდიოდი ბალეტის გაკვეთილებზე, დედა ყველაფერს აკეათებდა ჩემთვის, პოტენციალი რომელიც ჩემში დაინახა ჩემმა პედაგოგმა ქალბატონმა ლანა აბულაძემ, განმევითარებინა და სათანადოდ გამომეყენებინა. ამ ამაგს არ ვიცი ოდესმე თუ გადავუხდი. სამი წლის ასაკიდან ვეზიარე დიდ ხელოვნებას. აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა საკონცერტო ღონისძიებებში. (სხვათაშორის, 3 წლისამ ფილარმონიაშიც ვიცეკვე). შემდეგ ისევ ქალბატონი ლანას მოწოდებით  ჩავაბარე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, გავიარე სწავლების სრული კურსი და გავხდი ბალეტის მსახიობი. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მქონდა ბედნიერება მოვხვედრილიყავი ისეთი გამორჩეული პედაგოგების კლასში, როგორებიც არიან ლანა აბულაძე, ლუბა შკუნოვა, ოლია მენიალენკო, თამაზ ვაშაკიძე, ნატალია დიღმელაშვილი და სხვა. შემდეგ სწავლა გავაგრძელე ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. დავასრულე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტურანტურის გავლის შემდეგ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია „საეკლესიო ფერწერა“, როგორც საისტორიო წყარო ქართული ეროვნული სამოსისათვის. არ შემიძლია არ ავღნიშნო ჩემი პროფესორების უდიდესი წვლილი – ნათია ასათიანის, ნანა ხაზარაძის და მანანა აბუთიძის. ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ, რომ შემეთვისებინა დოქტორანტის რთული სამუშაო, რადგან უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მეოთხე კურსიდან ვცეკვავდი ჯერ „სუხიშვილების“ სტუდიაში და შემდეგ უკვე ანსამბლში.

– როგორც ვიცით დაოჯახებული ბრძანდებით და ოჯახისთვის თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?

– დიახ, დაოჯახებული ვარ. მყავს უსაყვარლესი მეუღლე და სამი წლის ქალიშვილი, აპრილში ველოდებით ვაჟს. მიუხედავად ურთულესი რეჟიმისა ოჯახისთვის ყოველთვის მაქვს დრო. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვიყვარს მოგზაურობა და მაქსიმალურად ვცდილობთ დრო ერთად გავატაროთ, ვიმოგზაუროთ და დავათვალიეროთ მსოფლიო თავისი საოცრებებით. ახლახანს ჩამოვედით ლაპლანდიიდან, მეუღლემ ბავშობის ოცნება ამისრულა და ზღაპრული ჩრდილოეთის ციალი მანახა და თქვენ წარმოიდგინეთ _ თოვლის ბაბუაც გამაცნო.

– ხშირად დადიხართ გასტროლებზე და ქართველ ემიგრანტებს თუ ხვდებით?

– გასტროლებზე ძალიან ხშირად დავდივარ. ქართველ ემიგრანტებსაც ყოველთვის ვხვდებით. ძალიან ემოციურია მათთან შეხვედრა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, როცა მათთვის ვცეკვავ. ვცდილობთ აცრემლებული და გულაჩუყებული ქართველი მაყურებლისთვის ჩვენი კონცერტები სასიამოვნო და საამაყო იყოს.

– რას ნიშნავს ცეკვავდე `სუხიშვილებში~?

– იყო ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ მოცეკვავე, ნიშნავს იყო უბედნიერესი ადამიანი, „სუხიშვილების~ ოჯახის წევრი და ამავდროულად გქონდეს დიდი პასუხისმგებლობა, როგორც სამშობლოს, ისე ორი უდიდესი ქართველი ხელოვანის და პატრიოტის ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიმართ, წარმოადგინო ქართული ნაციონალური ბალეტი. დიდმა ილიკომ და ნინომ ამ ანსამბლის შექმნით წარმოაჩინეს „ქართული გენია _ როკვით განფენილი“, გადაარჩინეს და შეინარჩუნეს ქართული ცეკვა, რაც დღეს ჩვენი სამშობლოსთვის და თითოეული ქართველისთვის იდენტობის განუყოფელი ნაწილია და სიამაყეა. მათ ხომ მთელი მსოფლიო აზიარეს ქართულ კულტურას, რის შემდეგაც ჩვენი ერი სრულებით განსხვავებული და დახვეწილი კულტურით შეიყვარა ყველა ერმა, ვინც იხილა ქართული ცეკვები. ასევე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს მათი საქმის ღირსეული გამგძელებლების, მათი შთამომავლების ილიკო და ნინო სუხიშვილების მიმართაც. მათი უდიდესი ძალისხმევის შედეგად არა მხოლოდ შეინარჩუნდა, არამედ შექმნეს ახალი ეპოქა, ახალი დადგმები, რომელიც მაღალი გემოვნებითა გამოირჩევა. ჩვენი რეპერტუარის, როგორც ტრადიციული ანუ კლასიკური ნაწილი, ისე თანამედროვე და მოდერნისტული ცეკვებიც უსაზღვროდ შეიყვარა მაყურებელმა. აღსანიშნავია, რომ ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის მიერ დაარსებული ანსამბლის წარმატებას დიდად შეუწყო ხელი გენიალური მხატვრის, სოლიკო ვირსალაძის მიერ შექმნილმა საცეკვაო კოსტუმებმა. მხატვრის მუსიკალური აზროვნება, დახვეწილი პოეტური სამყარო, მაღალი მხატვრული გემოვნება და უსასრულო ფანტაზია ეხმარება კოსტიუმების ავტორს ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალების საფუძვლიანი შესწავლით, ორგანულად შეეზავებინა თანამედროვეობა და რეალიზმი, თეატრალური პირობითობა და ეროვნული ხასითი. დღესაც ზოგიერთი ცეკვის კოსტიუმი სოლიკოს დროინდელია და მისი შექმნილია. როცა ამ სამოსით ვიმოსები, ჩემში გაათმაგებულად ძლიერდება სულისკვეთება, ის ეპოქა და ხასიათი ცოცხლდება, რომელსაც ეს ცეკვა გამოხატავს.

– ქალბატონო თამარ, ბოლოს გასტროლებზე სუხიშვილების ანსამბლთან ერთად რომელ ქვეყანაში იმყოფებოდით?

– ბოლოს გასტროლებზე ვიყავით ბელგიაში, სადაც ანშლანგით ჩავატარეთ ორი კონცერტი.

– ცეკვა, რომელიც განსაკუთრებულად გიყვართ?

– რთულია გამოყო ერთი კონკრეტული ცეკვა, რადგანაც ყველა ძალიან ძვირფასია ჩემთვის, როგორც ძველი, კლასიკური, ისე თანამედროვე პროექტ „ასას“ და მოდერნისტული „რამიშვილების“ პროგრამიდან. თუმცა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მებრძოლი ერის წარმომადგენელმა, შემიძლია ვთქვა, როდესაც მაყურებლის როლში ვარ, განსაკუთრებული ემოციით ვივსები მამაკაცთა საომარი ცეკვის „ხორუმის“ ყურებისას. ეს ცეკვა გამოირჩევა ულამაზესი ორიგინალური საცეკვაო მონახაზით, შესრულების ტექნიკით, დახვეწილი, გემოვნებიანი კოსტიუმებით და შინაარსით.

– თუ შეგიძლით გვითხრათ სამომავლო გეგმების შესახებ?

– სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს, თუმცა, ერთი რამ დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და ცეკვა ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

– გასულ წელს რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი?

– „სუხიშვილებში“ ცეკვა და მისით ცხოვრება, ეს უკვე მნიშვნელოვანზე მეტია და თავისთავად შთამბეჭდავიც… მაგრამ მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო ცნობილი ქართველი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ფორმირებასა და წარმატებაში, დაარსებიდან დღემდე „სუხიშვილებისა“ და სოლიკო ვირსალაძის ტანდემი დღესაც ხიბლავს და აღაფრთოვანებს მსოფლიოს. 2018 წელს სოლიკო ვირსალაძის 110 წლისთავს „სუხიშვილებმა“ შესანიშნავი კონცერტი მივუძღვებით, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ამ კონცერტზე წარმოდგენილი იყო კლასიკური პროგრამა, უძველესი ცეკვები, რომელთა კოსტუმებიც სოლიკოს ეკუთვნის. ფოიეში კი მის მიერ შექმნილი საცეკვაო ესკიზების და კოსტიუმების გამოფენა მოეწყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის კოსტიუმების ჯადოქარია. კონცერტის ყურებისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ცოცხალივით სუნთქავს ის ეპოქა, ის ხასიათი, რასაც ასახიერებენ მოცეკვავეები, კოსტიუმების ფერთა გამა საოცრად მეტყველი და მდიდარია. თითოეული ცეკვა და მასში გამოყენებული კოსტიუმი ქართული ხასიათიდან, ბუნებიდან, ტრადიციებიდან და კულტურიდანაა შთაგონებული. ამ კონცერტიდან დადებითი ემოციებით დატვირთული, ცრემლმორეული და ყველაზე ამაყი დავბრუნდი სახლში…