ჯაბა ქვლივიძე – ვინ მოსწონს ქართველი პროზაიკოსებიდან და ვის უწოდებს პოეზიის დედოფალს?!

3412

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ლაკონური პასუხებით შემოიფარგლა ინტერვიუში და თითქოს ურთიერთგამომრიცხავიცაა მისი ნააზრევი… საინტერესო რესპონდენტია, რადგან ინტერვიუში სიტყვაძუნწობს და ალბათ მკითხველს ამ გზითაც შეიტყუებს თავის სამყაროში ან იქნებ ზედმეტ პასუხისმგებლობას გაურბის?! ყველაფერს დრო გამოაჩენს და ჩვენი გონიერი მკითხველიც მიხვდება ამ ინტერვიუდან თუ რაშია მოკლე სიტყვა-პასუხის აზრი… შესაძლოა მკითხველი მიეძალოს მის ნაწარმოებებს და მაშინ მაინც დაასკვნის მწერლის რეალურ შინაგან სამყაროს და მერე გადაწყვეტს – უყვარდეს თუ არა ჯაბა ქვლივიძის შემოქმედება… და კიდევ ერთი: დღევანდელ, თანამედროვე პროზა-პოეზიის შესახებ თავის გემოვნებას, საკმაოდ ხმამაღლა აცხადებს და ეს კი ნამდვილად მრავალმხრივ საპასუხისმგებლოა…

მოკლედ, ჩემი რესპონდენტი, ბატონი ჯაბა ქვლივიძე, წელს, „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ ლაურეატი გახდა ნომინაციაში – „წლის საუკთესო დოკუმენტური პროზა“.

– ბატონო ჯაბა, გააცანით თავი მკითხველს…
– ჯაბა ქვლივიძე, – მწერალი, დავიბადე 1961 წლის 18 ივლისს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში.
– მწერლობას დიდი ხანია ხელი მოჰკიდეთ და რის თქმა გინდათ ამ გზით?
– 1989 წლის 9 აპრილიდან. მსურს რომ ჩემი კალამი ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს.
– აღიარებას ელით თქვენი შემოქმედებით?
– ყველა მწერლის ოცნებაა, რომ მისი შემოქმედება იყოს აღიარებული, მათ შორის ჩემიც.
– რა არის ომი?
– ორივე პოზიციისთვის წამგებიანი.
– დღევანდელი მწერლობის შესახებ რას იტყვით?
– მომწონს და იმედია თავის სიტყვას იტყვის საზოგადოებაში.
– ალბათ ყველას აინტერესებს, როგორც მწერალს, ქართველს,
საქართველოსთვის რა გაგიკეთებიათ?
– ნებისმიერი ჩემი ნაწარმოები, პროზა თუ პოეზია, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულს ეძღვნება. მივმართავ ქართველ ხალხს წაიკითხონ და თვითონ შეაფასონ.
– რა არის ღალატი?
– ყველანაირ ღალატს უფალი გმობს. ეს არის ადამიანისთვის ყველაზე საშინელი ცოდვა.
– რა არ მოგწონთ ქართველებში?
ერთთურთის მიმართ შუღლი.
– რამდენად პოპულარულია დღეს საქართველოში პოეტობა-მწერლობა და საერთოდ, წიგნის კითხვა?
– ვფიქრობ, არ არის პოპულარული. კომპიუტერმა დაჩრდილა ის…
– დღს ვინ მოგწონთ, თანამედროვე მწერლებიდან?
– მწერალი ბატონი გიორგი აღნიაშვილი.
– ვინ არის თქვენთვის პოეზიის მეფე და დედოფალი?
– როგორც თვითონ გალაქტიონი ბრძანებს, რომ „მეფე ვარ და პოეტი“ და პოეზიის დედოფალი, მე მას ასე ვუწოდებდი – ქალბატონი ანა კალანდძე.
– რა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს საქართველო, აღმოსავლურს, კავკასიურს, ევროპულს თუ რუსულს ან ამერიკულს?…
– ქართველი კაცი ყოველთვის იყო სულით მშვიდობის მოყვარული, მეზობელთან მეზობლური, შორეულთან კი სტუმარ-მასპინძლური.
– ქართული სუფრის წესები რამდენად მოგწონთ და რა არის მასში ისეთი, რაც არ გიყვართ?
– ქართული სუფრა აკადემიაა, მისი მსვლელობა საოცრებაა, სრული სიბრძნეა.
– კაცის საზომი რა არის?
– გონიერება.
– როგორი უნდა იყოს ქალი?
– ყველა ქალი თვითონ შედევრია, უნდა ჩახედო თვალებში მას და მასში კიდევ აღმოაჩენ შედევრს.
– წაგვიკითხეთ თქვენი ლექსი, რომელიც ძალიან მოგწონთ და ამაყობთ…

შედევრო ჩემო

შორს ჰორიზონტზე ლანდივით ჩანხარ,
გიპოვნე, ვიგრძენი შვება.
დაღლილი იქვე ქვაზე ჩამოვჯექ,
თვალსა და მუხლებს მივეცი ნება.
შორიდან გიმზერ სულ არ შეცვლილხარ,
როგორც დაგხატე ისეთი დარჩი
ჩემო ნახატო, ხატულავ ჩემო,
შორს წარსულიდან კვლავ მრწამსში დამრჩი.
გიყურებს თვალი, გული ნეტარებს
ასე არასდროს არ უხარია,
ზეცაში მაღლა ვარსკვლავებს შორის
დაფრინავ ისე როგორც ფერია.
მშვიდ ტბის ტალღებზე თეთრი გედივით,
ყელმოღერებით დაცურავ ლაღად,
ჩემო ქმნილებავ, ჩემო შედევრო
შენს სილამაზეს ქედს ვუხრი მარად.

+ + +
ჩემი მარჯანი, მარგალიტი,
მშვიდი ღელვა ხარ,
ზღვის ტალღებიდან ამოხეთქილი
სირინოზი ხარ.
ვარდის კოკორი, სურნელოვანი,
ყვავილთა მდელო უკიდეგანი.
ჭიამაიავ, ციცინათელავ,
სანთელო ჩემო, წმინდა ხატებავ,
სიზმარო ცხადო, მარად ზმანებავ,
ქალო ალქაჯო, ანცო, თავნებავ.

+ + +
სულის ყივილო!!!

შენ გულწამტანო,
ოდეს ნამღერო
ტანო ტატანო,
ჩემი მუზა ხარ, ჩემი პერო
ლექსად ნაწერო,
ათინათი ხარ, ჰოი აისო
გაბრწყინებულო მთის მწვერვალზე
ედელვაისო,
შენი შემყურე ნეტარებით
გული გაივსო.
საოცრება ხარ მთელი სამყარო,
ბერიკაცისთვის გზაო სავალო,
აჰა შეგეხე და ისევ შორს ხარ
გულის ტკივილო შენ სავალალო.
როდი გემდური,არც გირისხდები
ჩუმად ვჩურჩულებ ჩემთვის საბრალო.
რა ვქნა ეგეთი თუკი შეგქმენი
ვიღას შევჩივლო, ვის დავაბრალო.
ერთადერთი ხარ შენ მხოლოდ ერთი
და ერთადერთში მასშიც ხარ ერთი,
სად არ ვიარე, ვის არ გადარე
ვერა ვერავინ ვერ შეგადარე.

+ + +
ცისარტყელა ხარ მოწმენდილ ცაზე
შემოქარგული შვიდსავე ფერით,
შორიდან გიმზერ შედევრო ჩემო,
სული ნეტარებს და ვტკბები ცქერით.

– მწერლობა რა გახდა დღეს, წიგნი, პოპულარობა, შემოსავლის წყარო, სათქმელის ანუ სატკივარის თქმა თუ?…
– ჩემი სიტყვებით ვიტყვი… წიგნი განძია მისი მკითხველი კი განძის მფლობელი.
– თქვენი მთავარი კრიტიკოსი ვინაა ან თუ მიგიმართავთ პროფესიონალი კრიტიკოსისთვის?
– ჯერ არ შევხვედრილვარ. ზოგადად კი ხალხი.
– დამოუკიდებელ პრემია-კონკურსებზე რას იტყვით, საჭიროა?
– აუცილებელია. ეს იგივე გამოცდაა მწერლის.
– დღეს ვინაა დიდი ქართველი ანუ ვის აზრს ითვალისწინებთ თანამედროვეთაგან?
– უკომენტაროდ…
– ჩვენი სახელმწიფოს მიდგომები თუ მოგწონთ მწერლობის მიმართ?
– დღეს მწერლები ძალიან განვიცდით ფინანსურ მდგომარეობას, წიგნის გამოცემის სახსრები არ გაგვაჩნია. კარგია თუ ხმას მიაწვდენთ მათ ვისაც ეს ეხება.

– უცხოეთში წასვლაზე და იქ ცხოვრებაზე თუ გიფიქრიათ?
– უცხოეთში ყველა დადის ქართველიც და არა ქართველიც, მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მაგრამ მთავარი იქ დარჩენა კი არ არის, არამედ მიღებული ცოდნა უნდა მოახმარო შენს სამშობლოს. და მაინც, მე აქ დარჩენა მირჩევნია!
– და ბოლოს.
– მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის, თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ. ჩვენს მკითხველს კი მსურს, რომ ვურჩიო წიგნს უფრო მეტად მოეფეროს და მეტად შეიგრძნობს მისი ფასს. მე თქვენ ყველა მიყვარხართ.

პ.ს. მკითხველს საფიქრალი დაუტოვა თუ რა არის პროფესიით, განვლილი 58 წლიანი გზაც ბუნდოვნად დატოვა… არც მშობლიური საგარეჯო ახსენა და… რეალურად, არაფერი არ გაგვანდო… თუ ესეც მისეული – მწერლური ხრიკია თუ… (?!)