ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი
ის ცეკვავს და შრომობს, ნიჭიერია და გამორჩეული. ბავშვობიდან მოიხიბლა ჯადოსნური ქართული ცეკვის ხელოვნებით, რამაც საერთო განვითარება მისცა და აგრძელებს სწავლას, რომ მაქსიმალური გააკეთოს საყვარელი და უნიკალური ქართული ცეკვისთვის…
ჩემი რესპონდენტი სწავლობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოკლედ, ეს მშვენიერი და საინტერესო ახალგაზრდა თამუნა ზარქუა გახლავთ, რომელიც ანსამბლ „ივერიელის“ ერთ-ერთი სოლისტია.
– რას ნიშნავს შენთვის ქართული ცეკვა?
– ქართული ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ბავშვობიდან მოყოლებული მისი მნიშვნელობა განსაკუთრებულია ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ქართული ცეკვის ,,სული“ წარმოვაჩინო როგორც ჩემს ქვეყანაში, ასევე საზღვრებს გარეთ.
– ცეკვა, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარს?
– მრავალი შესანიშნავი ცეკვიდან გამოვარჩევდი ცეკვა „ქართულს“, რომელიც სათუთ გრძნობებსა და რაინდულ სულს გამოხატავს. მისი უნიკალურობაც იმაშია, რომ ერთადერთი ხალხური ცეკვაა კუთხურობის ნიშნის გარეშე.
– რა მნიშვნელობა აქვს ქართველისთვის ქართულ ცეკვას?
– ქართულ ცეკვას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც მოფრთხილებისა და დიდი სიყვარულის გარეშე ვერ შემოინახებოდა. თაობების ცვლასთან ერთად იზრდება მნიშვნელობა და ინტერესი.
– სხვა ერების ეროვნული ცეკვებით თუ დაინტერესებულხარ?
– როგორც საკუთარი, ისევე სხვა ქვეყნების ეროვნული ცეკვები ყოფილა ჩემი ინტერესის სფერო. საბედნიეროდ მომეცა საშუალება ყურადღება დამეთმო და შემესწავლა მსოფლიოს მრავალფეროვანი ქორეოგრაფია.
– როგორი ანსამბლი და გუნდია ,,ივერიელი“?
– ანსამბლი „ივერიელი“ ერთი მთლიანი ოჯახია, ჩემთვის თითოეულ წევრთან ურთიერთობა სასიამოვნო და სახალისოა. როგორც ნამდვილ გუნდს გაგვაჩნია ერთობა და მიზანი, რომ ვიყოთ საუკეთესოები.
– გიორგი მასწავლებელი რას ითხოვს უპირველესად შეგირდებისგან.
– გიორგის, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელს, აკისრია უამრავი ვალდებულება, ხოლო მისი შეგირდები ვინაწილებთ ამ პასუხისმგებლობას. იგი ჩვენგან მოითხოვს შრომისმოყვარეობასა და ურთიერთპატივისცემას.
– რომელი ქვეყანა მოგეწონა ყველაზე მეტად შენი გასტროლებიდან?
– ამ წლების მანძილზე არაერთი ქვეყანა შემოვიარე, ძალიან რთულია რომელიმეს მივანიჭო უპირატესობა, რადგან თითოეულ ქვეყანასთან მაქვს განსაკუთრებული მოგონებები, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს.
– ცეკვის გაგრძელებას აპირებ თუ სხვა გზას აირჩევ?
– ცეკვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის, რამაც განაპირობა ის, რომ მომავალშიც ვაპირებ გავაგრძელო ეს მიმართულება.
– თამუნა, სხვა რა გიტაცებს?
– მიზიდავს უცხო ქვეყნებში მოგზაურობა, მათი კულტურის შეცნობა და ახალი ადგილების აღმოჩენა.
– სამომავლო გეგმები რა გაქვს?
– პირველ რიგში, მინდა, მივიღო სრული უმაღლესი განათლება, გავაგრძელო ცეკვა და ვიფიქრო ქორეოგრაფიული სტუდიის შექმნაზეც.