ომარ ჭიჭინაძე: ჩემი მძიმე და მკაცრი ხასიათის გათვალისწინებით თავს ყველაზე კომფორტულად…

4143

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

რთულია იცეკვო და დაანახო მსოფლიოს ნამდვილი ქართული სული, გენეტიკა… უფრო რთულია ქართული ცეკვის ტრადიციით, სულიერებითა და ამაღლებული გრძნობებით იცხოვრო, თუმცა, როდესაც კარგი ანსამბლი და პედაგოგი გყავს, ნიჭთან და შრომასთან ერთად, არაფერია ზემოთ ჩამოთვლილთაგან შეუძლებელი… ეს ანსამბლი „ივერიელია“ და ჩემი რესპონდენტი ახალგაზრდა ომარ ჭიჭინაძეა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ცეკვას ასე ალალად დაუთმო…

ომარ, რას ნიშნავს შენთვის ქართული ცეკვა?

– ქართული ცეკვა ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია.  ქართული ცეკვის შესრულება ჩემს პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს და მაძლევს შესაძლებლობას, რომ ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედო.

ქართველი კაცის სახეა ჩვენი ეროვნული ცეკვა. შენ როგორ ფიქრობ, დღეს შენარჩუნებულია ეს სახე?

– ჩემი აზრით, კი ამაში წვლილი ქორეოგრაფიულ ანსამბლებსაც მიუძღვის, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რომ შეინარჩუნონ და განავითარონ ნამდვილი ქართული სული.

რომელ ცეკვაში გრძნობ თავს ისე, რომ შენი ხასიათი ჯდებოდს?

– ჩემი მძიმე და მკაცრი ხასიათის გათვალისწინებით თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ მთიელთა ცეკვებში, სადაც მაქვს საშუალება დავანახო ყველას, რა არის ნამდვილი ქართული სული.

და რომელი ცეკვა გიყვარს ყველაზე მეტად და რატომ?

– ერთი ცეკვის გამოყოფა არ შემიძლია, რადგან ყველა ცეკვა ერთნაირად მიყვარს. ყოველი ცეკვა არის ინდივიდუალური და თავისებური.

ქართულ ცეკვაში რაინდობაა, სულიერი სისპეტაკე, ფიზიკური ლტოლვა… ამას როგორ აფასებ?

– რა თქმა უნდა, ქართულ ცეკვაში არის რაინდობა, სულიერი სისპეტაკე და ფიზიკური ლტოლვა. მაგრამ, რაც მთავარია, ქართულ ცეკვაში იგრძნობა ქალისადმი პატივისცემა, მოკრძალებული დამოკიდებულება ქალსა და კაცს შორის, ასევე სიამაყე და რაც მთავარია ერთობლიობა.

ომარ, რთულია იდგე სცენაზე და ცეკვავდე ქართულს?

– რა თქმა უნდა, რთულია სცენაზე დგომა და არა მარტო ქართულის, არამედ სხვა ქართული ცეკვების შესრულებაც, მაგრამ სცენაზე დგომისას ვიღებ სიამოვნებას, ადრენალინსა და შვებას.

რა არის დღეს მთავარი მომავალი თაობისთვის?

– ჩემი აზრით მომავალი თაობისთვის მთავარია ინდივიდუალიზმი, რომ არ მიბაძონ სხვებს, იყვნენ ისეთი როგორებიც არიან და საკუთარი შრომით მიაღწევენ ყველაფერს.

რა არის შენი ჰობი?

– ცეკვასთან ერთად ჩემი მთავარი გატაცებაა მუსიკა.

გიორგი მასწავლებელთან თუ გიკამათია და რის გამო?

იყო სიტუაციები, როდესაც ჩემი და გიორგი მასწავლებლის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვეოდა, მაგრამ კომპრომისზე წავსულვართ და გამოსავალი ერთად გვიპოვნია. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ პროფესიონალ მასწავლებელს შემიძლია მეგობარი ვუწოდო.

სამომავლო პროფესიას რას ირჩევ?

– სამომავლო პროფესია დიდი ხანია, რაც არჩეული მაქვს. მე ყველანაირად ვცდილობ რომ გავხდე ქორეოგრაფი. მთელი ცხოვრებაა ამ პროფესიას ვეუფლები და სწორად ამაში ვხედავ საკუთარ მომავალს.

– ომარ, მეგობრობა საიდან იწყება და რით და როგორ უნდა გაგრძელდეს ისე, რომ

არასოდეს შეწყდეს იგი?

მეგობრობა შეიძლება ნებისმიერი მიზეზით დაიწყოს. მე პირადად პირველი მეგობრები ცეკვაზე გავიცანი, რის შემდეგაც გავხდით ერთი დიდი ოჯახი. მეგობრობა არ შეწყდება, თუ ერთმანეთს გვერდში დავუდგებით და ყველაფერში დავეხმარებით.