თამთა მამულაიძე: უფლებას არღვევს ის ვინც ძლიერია… და როცა პანდემიამ ადამიანები ერთმანეთს დაგვაშორა…

2760

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ლიტერატურას და საერთოდ, ხელოვნებას თავისუფალი, განათლებული, მოაზროვნე და განსაკუთრებული სიყვარულით დაჯილდოებული ადამიანები ქმნიან… კარგი, მაღალი ღირებულებებისა და გრძნობების აღმძვრელი ლიტერატურა-ხელოვნება კი თავის მხრივ ადამიანში სიყვარულს, სულიერ სილამაზეს, ესთეტიკას, განათლებას და სხვა უმარავ დადებითს იძლევა…

თამთა მამულაიძე ისეთი შემოქმედია, რომლის შემოქმედებაც იძლევა სულიერი განვითარებისა და მაღალი ესთეტიკის შეგრძნების, უჩვეულო – დადებითი და განსხვავებული დამოკიდებულება-აზროვნებისა და მიდგომების უნარს… ჩემი რესპონდენტი მწერლობის გარეშე მრავალმხრივად ნიჭიერი და უმთავრესი – შინაგანი თავისუფლებით დაჯილდოებული, ძლიერი და ბედნიერი ადამიანია…

– თამთა, როგორ დაიწყო თქვენს ცხოვრებაში შემოქმედებითი მოღვაწეობა?

– ძალიან მიყვარდა ბავშვობაში ფანჯრიდან მთვარის ყურება, ჩემი ძმის მიერ დაწერილი სასიყვარულო ლექსების მოსმენა, ყველა ადამიანს აქვს  ფანტაზიის და წარმოსახვის უნარი, რომელმაც ჯერ ჩანაწერების კეთება დამაწყებინა, მერე ლექსების წერა. ახლა დროის დეფიციტს გამო, სამეცნიერო კვლევაზე მუშაობის დროს, ზოგჯერ კალამი გამირბის და მხატვრულ ჩანახატებს ვწერ. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან დაიწყო.

– უცნაურად წერთ…

– ემოციური ვარ, უცნაურად ემოციური, ალბათ გრძნობების გადმოცემაც შესაბამისად მიწევს, თუმცა წერის პროცესი, როცა მუზები მოდიან ალბათ ყველაზე გასაოცარი მომენტია როცა საკუთარ თავზე თითქოს კარგავ კონტროლს და მხოლოდ კალამს შეუძლია ემოციების გადმოცემა მოზღვავებული ფანტაზიით.

– ხშირად ქალის ისეთ გრძნობებზე წერ, რომ ალბათ ბევრი არავინ არ დაფიქრებულა… საიდან გაჩნდა ეს განცდები და გრძნობები?

– მიყვარს ფიქრი, სხვა ადამიანებზე ფიქრიც. ვცდილობ, ხოლმე ვიგრძნო თუ რას შეიძლება განიცდიდნენ ქალები, ისე თითქოს მათ კაბებს ვირგებდე. ქალის ტვირთი არაა მსუბუქი… დღესაც, როდესაც ისინი მუშაობენ და პარალელურად ოჯახს უძღვებიან, ზოგჯერ მცირე შეცდომის გამო მათკენ თითს იშვერენ, ისე რომ არ ეკითხებიან რას გრძნობენ ან რისი მოთმენა უწევთ. გრძნობებს მალავენ ქალები, ეშინიათ გარშემომყოფების, საზოგადოების, საკუთარი თავის. მე კი მსურს მათი ფაქიზი გრძნობების მიღმა, ძლიერი ხასიათი ვაჩვენო, ემოციური ქალები დავანახო საზოგადოებას, რომელებიც სინამდვილეში მებრძოლი და ძლიერი ხასიათის არიან და ამავე დროს გულჩვილები და ბავშვებივით უმანკოები.

– პერსონაჟები როგორ ჩნდებიან შენს შემოქმედებაში?

– გარშემომყოფები გადაიქცევიან ხოლმე პერსონაჟებად, მათი ქცევები და სიტყვები იქცევა ხოლმე ინსპირაციად. ხშირად მათ უბრალოდ ვიგონებ, რადგან სიუჟეტს სჭირდება მსგავსი ადამიანები, შესაბამისი ემოციების გადმოსაცემად.

– ყველაზე მტავარი პერსონაჟი ვინაა და რატომ ის (ან ისინი)?

– მთავარი პერსონაჟი ალაბთ თავად მე ვარ. ჩემი ამბები ჩემი პერსონაჟების ამბებს ვაკავშრდება. სიზმრებს ვაცოცხლებ და ყველაზე შეფარულ განცდებზე ვწერ, ისეთზე რაზეც ღიად ვერ საუბრობენ სხვები.

– პოეზიაში თუ გიცდია ბედი?

– კი, ბავშვობაში მელექსებოდა. 17 წლის ასაკში პატრიარქის კურთხევით პატარა კრებული გამოიცა. მას მერე ცოტა ხანს ვწერდი კიდევ, თუმცა გადატვირთული რეჟიმის გამო ლექსების წერის მუზა დავკარგე. მოხევურ დიალექტზეც მიცდია, წარმოშობით კი მთის შვილი ვარ (მთიული).

– დღევანდელი ანუ თანამედროვე ლიტერატურა თუ მოგწონს?

– კი, ყველაფერი იცვლება. ზოგჯერ ყველაზე მარტივი სიტყვებით ან ჟარგონებითაც შეიძლება გადმოსცე სათქმელი გასაგებად. მაღალფარდოვანი სიტყვებით და დიდოსტატის მარჯვენაში აღწერილი მხატვრული ფრაზებით ყოველ ჯერზე ვიხიბლები, თუმცა ყველაფერი იცვლება და ეს ბუნებრივი პროცესია. სასიყვარულო სიუჟეტები ანდრე ასიმანის რომანში ყოველდღიური სასაუბრო ტერმინოლოგიითაც გადმოსცემს ემოციებს.

– დღევანდელი ახალ ლიტერატურას და ავტორებს რა უჭირს?

– უჭირს? ვერ ვიტყოდი ასე. შესაძლოა ძველებურად აღარ ჟღერს, ისე როგორც აქამდე ჟღერდა. სამწუხაროდ ვერ დავიკვეხნი, რომ ხშირად მაქვს იმის ფუფუნება რომ ყველა თანამედროვე ავტორის ნაწარმოებს გავეცნო.

– და რას ნიშნავს „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ლაურეატობა?

– ბანალურად გაიჟღერებს თუმცა, იყო „ივერიის“ სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი ეს დიდი სიხარული და ამავე დროს პასუხისმგებლობაა. ახლაც შემიძლია ისეთივე ემოციით გავიხსენო ის მომენტი როდესაც წლის მწერალი – წოდება მერგო წილად. ვფიქრობ, იმ ადამიანების გვერდით, რომელთაც თავისი ნიჭი, ცხოვრება მხატვრულ შემოქმედებას დაუთმეს და საზოგადოებრივი აღიარება მოიპოვეს ჩემი მოკრძალებული სახელის ხსენება დიდი მოტივატორია ჩემთვისაც და ყველა დამწყები შემოქმედისთვის.

– სხვა რა გიტაცებთ?

– მიტაცებს ჩემი საქმე, ამჯერად ციფრულ ტექნოლოგიების კუთხით ვმუშაობ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ლექციების ვკითხულობ აგრიტექის მიმართულებით. მომავალი თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მეტად სასიამოვნო საქმეა. პროფესიას ხშირად ვიცვლი, სიახლეების ძიებაში ვარ მუდმივად, თუმცა აკადემიური განათლების კუთხით საჯარო მმართველობა არის ის რასაც მინდა ბოლომდე მივყვე, დოქტურანტურაზე სწორედ ამ მიმართულებით ვსვწვალობ. ბევრი რამ არის რაც მიტაცებს, ჩაიზე სასაუბროდ სასიამოვნო საღამო გამოვიდოდა ყველაფრის მოსაყოლად.

– თამთა, ქალისთვის რა არის მნიშვნელოვანი?

– ქალისთვის? სამივე განზომილება. ქალი-როგორც დედა, ქალი-როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, მოქალაქე და ქალი-როგორც სიყვარულის ობიექტი. ყველაფერი ერთად ქალს ხდის სავსეს და სრულყოფილს.

– ხშირად საუბრობენ ქალის უფლებებზე. მართლა ასე ცუდად გვაქვს საქართველოში ქალის უფლებების დაცვის საკითხები?

– ჩვენთან ამ კუთხით მდგომარეობა ყველაზე კარგია რეგიონში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ქალის უფლებები არ ირღვევა საქართველოში. საუბარია იმაზე თუ ვის ვედრებით, რა სტანდარტით ვცხოვრობთ და რომელი სტანდარტისკენ მივილტვით. ევროკავშირის წევრ ზოგ ქვეყანასთან შედარებითაც კი სტატისტიკა ბევრად უკეთესია უფლებების დაცვის კუთხით, მაგრამ უფლებები ირღვევა და ქალების მიმართ უფრო ხშირად.

– კიდევ გკითხავ, საქართველოში ქალის უფლებებს მართლა არღვევს კაცი?

– როგორც წესი უფლებას არღვევს ის ვინც ძლიერია იმის მიმართ ვინც სუსტია. სამწუხარო სტატისტიკაა ქვეყანაში ამ მხრივ, უამრავი ფემიციდის შემთხვევა ფიქსირდება. კარგია ის არის რომ ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით ბევრი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია უწყობს ხელს, მათ შორის გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (მაგალითად: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია) ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხითაც მუშაობს. სახელმწიფოს აკისრია დიდი პასუხისმგებლობა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შესაბამისი ორგანოები როგორც საკანონდმებლო, ისე სწრაფი რეაგირებით ცდილობენ დანაშაულის პრევენციას. ამ კუთხით პროგრესი არის.

– და საიდან მოდის, როგორ შეიძლება გავაანალიზოთ ქალის უფლებების დარღვევის საკითხები?

– არსებობს ნატურა და კულტურა. ნატურა არის ის რაც გვაქვს ბუნებისგან: გენები, ხასიათი, ინსტიქტები, ვნებები და სურვილები. ამის შესახებ ბიბლიაც კი ადამიანს ამსგავსებს პირუტყვსა და მხეცს და არსებობს კულტურა, ის რაც შექმნილია ადამიანის, ცივილიზაციის მიერ, სწორედ ზემოაღნიშნული ნატურის ჩარჩოებში მოსაქცევად. უფლებების დარღვევა მოდის ადამიანის ბუნებიდან, ადამიანმა სახელმწიფო სწორედ იმ მიზნით შექმნა, რომ დაიცვას სუსტები ძლიერების ძალმომრეობისგან. უფლებების (მათ შორის ქალის)  ხელყოფის (მითუმეტეს ფარული) საკითხი რთულად შესასწავლია და ამას სპეციალური ინსტიტუციები იკვლევენ. მოდი, ვენდოთ მათ კომპეტენციას.

– საჭეს უზიხარ და ავტომობილით გადაადგილდები. მამაკაცი მძღოლები როგორი თავაზიანები არიან?

– სტერეოტიპული დამოკიდებულება და გენდერულ ჭრილში დაყოფა, ქალი/კაცი მძღოლი არ მიმაჩნია სწორად. ზოგადად ქართველებს არ გვიყვარს დათმობა, ამიტომაც მოძრაობის წესების უხეშად დამრღვევი შეიძლება იყოს კაციც და ქალიც.

– ქალების მხრიდან თუ არის გადაცდომები მამაკაცებთან და მათ უფლებებთან მიმართებაში?

– უფლება, როგორც წესი ირღვევა ძლიერის მიერ სუსტის მიმართ. აქ იგულისხმება როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური და სოციალური უპირატესობები. თვით ის ფაქტი, რომ მამაკაცი მიიჩნევა ოჯახის თავად, ქალს დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აგდებს და უბიძგებს მამაკაცს, რომელსაც საკმარისი კულტურა არ აქვს, მისი ძალაუფლების ქვეშ მყოფი ქალის უფლებების შეზღუდვისკენ/დარღევივსკენ/ძალადობისკენ. აქ ჩვენ გვავიწყდება, რომ ოჯახი არის თანასწორი მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი. შესაძლოა, ქალის მიერაც ირღვეოდეს, იმ შემთხვევაში თუ ქალს აქვს საბაზისო უპირატესობები და არ აქვს საკმარისი კულტურა.

– და მაინც, როგორი უნდა იყოს ქალისა და კაცის უფლებები ერთმანეთთან?

– ჩემი აზრით, ქალისა და მამაკაცის უფლებები ერთმანეთთან უნდა იყოს ისეთი როგორიც ნებისმიერ ორ თანასწორუფლებიან ინდივიდს შორის სამართლებრივ, ცივილიზებულ, პროგრესულ, უფლებრივ საზოგადოებაში.

– საქართველოში ოჯახები როგორ უნდა იყოს მოწყობილი, როგორ უნდა იმართებოდეს?

–  იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და იმის გათვალისწინებითაც რომ ჩვენთან ნებადართულია ყველაფერი რაც არ არის აკრძალული, განსხვავებით იმ ჩამორჩენილი ქვეყნებისგან სადაც აკრძალულია ყველაფერი რაც არ არის ნებადართული, ოჯახი უნდა იყოს მოწყობილი და იმართებოდეს ისე როგორც ორი თანასწორი, თავისუფალი ინდივიდი შეთანხმდება მისი შექმნისას. რა თქმა უნდა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ეს მათი ერთობლივი კომპტენეციაა სანამ არ არღვევს კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ ვერ ვიტყვით როგორ უნდა იმართებოდეს და როგორი უნდა იყოს.

–  და ამ ყველაფერში, ქალის, მამაკცის, ოჯახური ურთიერთობების დროს სახელმწიფოს წილი როგორი უნდა იყოს და რა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ?

– სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კანონმდებლობა და  მშვიდი გარემო, აგრეთვე აღნიშნული კანონის აღსრულება, უფლებების და თავისუფლებების დაცვა. სხვა მხრივ, სახელმწიფო ოჯახის შიდა საკითხებში არ უნდა ერეოდეს მანამ, სანამ ოჯახი ან მისი რომელიმე წევრი არ დაარღვევს კანონს. ცხადია, თანამედროვე მსოფლიოში ქალს მეტი ტვირთი აწევს და იმის გათვალისწინებით რომ სახელმწიფო და ერი ერთად არსებობს, შესაძლოა სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ოჯახის ტვირთის ნაწილი ოჯახის რეპროდუდუქტიული ფუნქციის წახალისების მიზნით. თუმცა ეს დემოკრატიული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის ნაწილი უნდა იყოს.

– ვინ არის თამთა მამულაიძე?

– უბრალო ადამიანი, რომელსაც სურს ცვლილებები უკეთესობისკენ, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მომავალი თაობისთვის და ემოციების გადმოცემა ყოველდღიურ რუტინაში ჩართული ადამიანებისთვის.

– რას ნიშნავს თქვენთვის – იყო მწერალი?

– ასე რომ მეძახით, უხერხულად ვგრძნობ თავს. შემეძლოს წერით ემოციების გადმოცემა ნიშნავს ვიყო ნიჭით დაჯილდოებული, რომელიც ფუჭად არ უნდა გავფლანგო.

– მწერლის დანიშნულება რა არის?

– მწერალმა შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს მკითხველზე, ამოგზაუროს სხვა სამყაროში, დააფიქროს და გადასცეს ემოციები. მითუმეტეს ახლა, როცა პანდემიამ ადამიანები ერთმანეთს დაგვაშორა. ჩვენ, ადამიანებს გვჭირდება ემოციები, შეგრძნებები.

– და ბოლოს…

– ახალი წელი დაგვიდგა… მინდა თქვენს მკითხველს ბედნიერი 2021 წელი ვუსურვო. თავისუფლად სუნთქვა, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა  და, რაც მთავარია, მინდა  ერთმანეთი დავიბრუნოთ ადამიანებმა.

პ.ს. პროექტი, რომელიც ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სწორედ ეს ნიჭიერი რესპონდენტი, თამთა მამულაიძეც აღმოაჩინა და სრულიად ღირსეულად მიიღო „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2017 წლის ლაურეატობა ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის მწერალი“!