როგორ ჩანს საქართველო ემიგრაციიდან და რა უჭირს ყველაზე მეტად ჩვენს ქვეყანას…

1652

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

უცნაურია, მარგამ ასეა – კეთილშობილი ადამიანები არიან ამ სამყაროში ანუ მხოლოდ ბოროტება არ არსებობს… ნიჭიერია და ამაყობს თავისი არისტოკრატული წარმომავლობით, ცხოვრობს წინაპრების სასახელოდ და იღწვის სამშობლოსთვის.

საინტერესო ქალბატონია, რომლისთვისაც ეროვნული ფასეულობები ყველაზე მაღლა დგას, მატერიალური კი ბევრს არაფერს ნიშნავს მისთვის…

მოკლედ, წაიკითხეთ ქალბატონი მერი დიასამიძის ინტერვიუ და რწმენა გაგიმყარდებათ, რომ საქართველოს მომავალი აქვს…



– ქალბატონო მერი, როგორ აღმოჩნდით ემიგრაციაში?
– 2011 წლიდან შევნიშნე, რომ  ჩემს ჯანმრთელობას ბზარი გაუჩნდა. რა თქმა უნდა, მივმართე ექიმს, თუმცა სახარბიელო ვერაფერი მოვისმინე… მივხვდი, სამსახურს ვეღარ გავაგრძელებდი, იმ დროისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მანდატური ვიყავი და კი მოგეხსენებათ ადვილი ნამდვილად არ იყო. დავიწყე ფიქრი, სამსახურიდან და ქვეყნიდანაც წასვლაზე. თავიდან ხუმრობით, მაგრამ 2013 წელს უცებ მივიღე გადაწყვეტილება და ივლისის თვეში აღმოვრჩდი ემიგრაციაში….
– და რატომ მაინც და მაინც თურქეთი?
– თურქეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. მეგობრობაც გვაკავშირებს. თან ვიცოდი ბევრი ქართველი ცხოვრობს. ბევრი ნათესავი და ახლობელი იყო წასული სამუშაოდ და თუ კი გამიჭირდებოდა გვერდში დამიდგებოდნენ. სახლშიც ხშირად ჩამოვიდოდი. ვიფიქრე, იქნებ გამოვადგე ოჯახსაც და ქვეყანასაც,  სანამ მთლად არ მომერია ავადობა მეთქი…
– როგორც ვიცი, საქართველოში ძალიან ბევრ საქმეს აკეთებთ ემიგრაციიდან – ეხმარებით ავადმყოფებს, ხელოვანებს, სტუდენტებს… რამ გადაგაწყვეტინათ ეს?
– მადლობა უფალს! საზოგადოების გვერდით მუდამ ვიდექი, მაგრამ ეხლა უფრო მეტად შევძელი სხვათა დახმარება. სიკეთის კეთება და ქვეყნის სიყვარული ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. ამაღლებული და გაბრწყინებული ვარ იმ დღეს. დახმარება წლების წინ მეც ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ ვერავის ვთხოვე. ბევრი რამის დამოუკიდებლად გაკეთება მომიხდა. მინდა  ადამიანებს მივცე ის ბედნიერება, რომელის მეც მჭირდებოდა ერთ დროს.
– ქალბატონო მერი, შეიქმნა ემიგრანტთა ალიანსი, რა არის მისი მიზანი?
– ,,დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ შარშან გავიცანი და რამდენიმე პროექტი გავაკეთეთ  მათთან ერთად. ფონდის პრეზიდენტია ქველმოქმედი ქალბატონი, თიკა სვანიძე ვენკო. მიზანი მსოფლიო ემიგრაციის ერთმანეთთან დაკავშირება და ერთობლივი კუტურული თუ  საგანმანათლებლო ღონისძიებების გაკეთებაა.


– თქვენ რატომ შეუერთდით აღნიშნულ ალიანსს, ისედაც ხომ უამრავ ქველმოქმედებას ეწეოდით?
– ალიანსი ძლიერია, ბევრი ადამიანია მასში, უკვე მრავალ ქვეყანასთან თანამშრომლობს. ჩემი მიზანია თურქეთის ქართველობისთვის გვერდში დგომა, ქართული ენის შესანარჩუნებლად, დღემდე შემონახული ქართული კულტურის კიდევ უფრო აღორძინებისათვის პროექტების შემუშავება და მხარდაჭერა.
– ალიანსის იდეა ვის ეკუთვნის და სადაა მისი სათაო ოფისი?
– იდეა ქალბატონ თიკა სვანიძე ვენკოს ეკუთვნის და ვფიქრობ ძალიან წარმატებულად გაართვა თავი. სათაო ოფისი თბილისშია.
– სტამბოლის ორგანიზაციის ჩამოყალიბება თუ იგეგმება და თქვენი როლი რა იქნება ამ დიდ წამოწყება-ალიანსში?
– ალბათ დაიგეგმება მალე ფონდის ფილიალის გახსნა სტამბოლში და მე და ჩემი მეგობარი სოფო ბოლქვაძე ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენლები ვართ თურქეთის რესპუბლიკაში.
– პროექტი, რომლის განხორციელებაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია?
– თურქეთის რესპუბლიკაში შეიქმნას ძლერი დიასპორა, რომელიც შემოიკრებს  აქ არსებულ ასოციაციებს და ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროგრამებს  გააკეთებს, ამ ლამაზ საქმეს კი მხარს დაუჭერს ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“.
– და რაიმე ისეთი პროექტი თუ გაქვთ ჩაფიქრებული, რომლის განხორციელებაც თქვენთვის დიდ საქმედ ჩაითვლება?
– როგორც იცით დეკემბრის თვეში მომენიჭა სტატუსი „საპატიო ქედელი“. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და დაფასებაა. რამოდენიმე პროექტი მაქვს ჩემი რაიონისთვის, ერთზე ვისუბრე კიდეც ქედის მერთან. ამ პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს იქნება ჩემი მადლიერების გამოხატვა ჩემი თითოეული თანამოქალაქისადმი, ჩემი დიდი დაფასებისთვის.
– დღეს როგორ ჩანს საქართველო ემიგრაციიდან?


– სამშობლო ყოველთვის ლამაზად მოჩანს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. პანდემიან ძალიან დააზარალა მსოფლიო, გამონაკლისი ვერ აღმოჩნდა ვერც საქართველო. იმედს ვიტოვებ დალაგდება ყველაფერი, თავს დავაღწევთ კრიზის.
– რა უჭირს საქართველოს ყველაზე მეტად დღეს?
– პანდემიას თუ არ ვიგულისხმებთ, ერთობა გვიჭირს. თუ კი ერთად ვიქნებით ბევრად ადვილიც იქნება და სწრაფადაც მოვაგვარებთ საქმეებს.
– თუ გქონიათ შემთხვევა, რომ ვერ შეძელით ადამიანის დახმარება. მაშინ როგორ გრძნობთ თავს?
– კი… ასეთი შემთხვევა ბევრჯერ მქონია. ბევრი მირეკავს, ყველას დახამრება ესაჭიროება… მიწევს ახსნა, რომ მე არ ვარ ბიზნესში, არც დამატებითი რაიმე შმოსავლები მაქვს. მე მხოლოდ ჩემს ხელფასს ვანაწილებ ოჯახსა და ადამიანებს შორის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. ეს კი ერთჯერადი დახმარებაა. ამ ეტაპზე მეტი ფიზიკურად არ შემიძლია. აი ამის ახსნის დროს ძალიან ვღონდები, ლამის ტირილამდე მივდივარ. ეს ის მომენტია როცა ძალიან გინდა დახმარების ხელი გაუწოდო, მაგრამ არანაირი შანსი არ გაქვს. გიჯერებენ თუ არა, ეს კიდევ მეორე საკითხია… ზოგჯერ მეშინია კიდეც, თხოვნა – მოთხოვნაში  არ გადაიზარდოს და მოდად არ იქცეს. სულ ვიმეორებ, სიკეთეს გადახდა არ უნდა, მაგრამ დანახვა ნამდვილად სჭირდება.
– რთულია ოჯახისგან შორს ცხოვრება. როგორ ახერხებთ ემოციის და მონატრების მართვას?


– კი, ნამდვილად რთულია! ონლაინ კავშირები რომ არ იყოს ალბათ ვერ გავძლებდი. თან აქ იმდენი ქართველია, რომ პატარა საქართველო გვაქვს აქ. უცხოეთში არ ვგრძნობ თავს. თითქოს სამშობლოში ვარ.
– 2020 წელს პრემია „ივერიაში“ მიიღეთ მონაწილეობა, სადაც თქვენი დახმარებით კიდევ ორი თურქი ქართველი ჩაერთო. 2021 წელსაც თუ აპირებთ მონაწილეობას?
– ძალიან ბედნიერი ვარ რომ პრემია „ივერიაში“ მივიღე მონაწილეობა და თურქეთიდან მოვახერხე ჩართულიყვნენ. ასევე, თქვენსავე მეორე პროექტში უფრო დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩავერთე – შშმ პირთა სიმღერისა და ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „ივერია – ბრილიანტში“, რომელშიც თურქები, ძმები ალთინოქები, ჩაერთნენ და ფესტივალის ფავორიტებიც გახდნენ. ასევე მინდა ვისარგებლო შმთხვევით და მადლობა გადავუხადო მომღერალს აიდოღან თოფალს, რომელიც ჩვენი თხოვნით ჩაერთო ჟიურის წევრად „ივერია – ბრილიანტში“. მისმა ჩართულობამ ფესტივალის პოპულარობა გაზარდა. აუცილებლად ჩავერთობი თქვენს პრემიებში და ფესტივალებში, ასევე სხვა პროექტებში, რომლებსაც თქვენ ახორციელებთ. დიდ წარმატებებს გისურვებთ.
– როგორ ფიქრობთ, რას იძლევა პრემია „ივერია“?
– პირველ რიგში სიყვარულს, მეგობრობას, სითბოსა და ურთიერთ პატივისცემას. შშმ პირთა ნიჭიერების გამოვლინებას და მათ  ბედნიერებას. ქართული ლიტერატურის უცხოეთში პოპულარიზაცია და ასევე უცხოური შემოქმედების ჩვენთან შემოტანას. ეს ყველაფერი განვითარების დიდი საშუალებაა. ვითარდება ლიტერატურა, კეთილმეზობლური და სამყაროში მეგობრული ურთიერთობების გაღვივება. დიდ საქმეს აკეთებთ. უფალმა დაგლოცოთ, ბატონო ნუგზარ.


– რაზე ოცნებობთ?
– მინდა დარჩენილ ცხოვრებაში რამე ისეთი გავაკეთო, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ყველას გულებში დავრჩე.
– და ბოლოს…
– მსოფლიოს ვუსურვებ პანდემიას დააღწიოს თავი და  ჯანმრთელობა დაბრუნდეს ყველას, ჩვეული და უფრო ლამაზი ცხოვრება გააგრძელოს სამყარომ. 2021 წელი ბედნიერი იყოს როგორც ჩემი, ასევე დედამიწაზე ყველას ოჯახისთვის. ძალა ერთობასა და სიყვარულშია. სიყვარული გადაგვარჩენს!