ეს წიგნები ჩემთან დაიმარხებიან, მე რომ მოვკვდები – ოლღა გურამიშვილი 180…

1378

ალბათ ბევრმა არ იცის ოლა გურამიშვილის ბიოგრაფია და მისი რეალური ცხოვრება… თუმცა, ჩვენც მცირედ ინფორმაციას ვაქვეყნებთ, რადგან სულ ახლახანს  მისი დაბადების დღე იყო…

საინტერესოა ოლღას საიუბილეობ წელია წელს -180 წელი, ხოლო ილიას 185 წელი შეუსრულდა! ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ წლევანდელი „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ ასხელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიისა“ ილიას და ოლღას მიეძღვნათ სხვადასხვაგვარი ღონისძიებებით, რომლებსაც დროდადრო შეიტყობთ.

ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა (დ. 1842 წლის 12 მარტი, ქვემო ავჭალა, გ. 1927 წლის 29 აპრილი) – ქართველი პოეტის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის მეუღლე.

იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების ღირსეული წევრი.

გვარის წარმომავლობა
XV საუკუნის მიწურულს ზემო ქართლიდან – მესხეთიდან გურამ ზევდგინიძეს, ლტოლვილ დიდგვაროვანს, კახთა მეფემ ალექსანდრემ გადასცა „ქვეყანა ხარკისა“ – ტერიტორია, ზედაზნიდან არაგვის გაყოლებით ავჭალამდე, რაც შემდგომში გურამიშვილთა გვარის შტოს ფუძემდებელი ფაქტორი გახდა, ხოლო „ხარკის ქვეყანა“ შემდგომში საგურამოდ მოინათლა.

ბიოგრაფია
ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი – ჭავჭავაძისა დაიბადა 1842 წლის 12 მარტს, ქვემო ავჭალაში. როგორც ქვემო ავჭალის მიქელ – მთავარანგელოზის ეკლესიის 1842 წლის მეტრიკული წიგნი იუწყება: „ქვემო ავჭალის მცხოვრებ თავად თადეოზ გურამიშვილს და მის კანონიერ მეუღლეს ელისაბედ გიორგის ასულს,ორთავე მარლთმადიდებლური სარწმუნოების მქონეთ, დაებადათ ქალიშვილი ოლღა 12 მარტს და მონათლულ იქნა 20 მარტს მღვდელ პლატონ ემევის მიერ, ნათლია – თბილისელი აზნაურის იოსებ მესხიშვილის თანდასწრებით.“ (ხელნ. ინსტ., ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი №704) ოლღას მამა – თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი (1800-1875 ), საგურამოელი ამაყი და ქართლის ერთ-ერთი უმდიდრესი მემამულე, მარიამ ციციშვილის , საქართველოს უკანასკნელი დედოფლის დედის დისწული. ოლღას დედა – ელისაბედ გიორგის ასული (სამწუხაროდ,გვარი დღემდე უცნობია) ნაადრევად გარდაიცვალა. თადეოზ გურამიშვილს მისგან ორი ასული – ეკატერინე და ოლღა დარჩა.

ცხოვრება მამიდასთან
დედით დაობლებული დები – ოლღა და ეკატერინე თბილისში დიდგვაროვან ახლო ნათესავთან, კერძოდ, მამიდასთან – სიდონია გურამიშვილთან, უშვილოდ დარჩენილ მდიდარ გენერალ-მაიორ სავარსამიძის ქვრივთან გადადიან. სწორედ მისგანვე ერგო ოლღას ქონება, რომელიც 1862 წლით დათარიღებული ანდერძით დასტურდება: „წელსა 1862 დღესა მარტის 10-ისა, რადგანა ეს ორი წელიწადი არის ჩემი ავადმყოფობა, უცებ სიკვდილს ველი, ამისთვის ჩემის ხელით ვწერ ჩემს ანდერძს დაამტკიცებინონ ჩემმა დისწულებმა გიორგიმ და ელენემ, რომელიც შემემთხვა იმ ჟამთ, ჩემი დისწული ოლგა არის მემკვიდრე , დამარხვითაც უნდა დამმარხოს და ვისაც ჩემი მართებს იმან აიღოს და ვისაც მისცეს, ქალაქის სახლიც და ქვჭალაც იმისი უნდა იყოს, ეს არის ჩემი მემკვიდრე ჩემი ყოვლისა, რომელზედაც ხელს ვაწერ ქვრივი კნეინა სიდონია ზაქარევნა(!) გენერალ მაიორისა სავასამიძისა. სრულსა მეხსიერებისა შინა და სრულსა გონებასა შინა მყოფმან დასწერა ესე ანდერძი, მოძღვარი მისი დეკანოზი იოსები გრიგორიევი. ამ ანდერძის დაწერაში დავესწარი და მოწამეცა ვარ კოლეჟსკის სოვეტნიკი კნიაზ ირაკლი ბაგრატიონი – მუხრანსკი“ (ხელნ. ინსტ., ილიას საარქივო ფონდი, №1005)

განათლება
1854 წლის 1 საქტემბერს ოლღა გურამიშვილი ჩაირიცხა ამიერკავკასიის კეთიშობილ ქალთა ინსტიტუტში, თბილისში, სადაც შეისწავლა საღვთო სჯული, მსოფლიო ისტორია, გეოგრაფია, არითმეტიკა, რუსული, ფრანგული და მშიბლიური ქართული ენა; გარდა ამისა, წერა, ცეკვა, ფერწერა და ყველა საგანში ფრიადზე სწავლისა და მისაბაძი ყოფა-ქცევის წყალობით 1856 წლის სექტემბერში წარმატებით გადავიდა მომდევნო კლასში, მაგრამ იმავე წლის 7 დეკემბერს მამის სურვილით სასწავლებლისთვის თავი მიანებებინეს.

მომავალ მეუღლესთან დაახლოება
წარჩინებული მამიდის ოჯახში მყოფი ოლღა გურამიშვილი თბილისის მაშინდელი მაღალი საზოგადოების წრეში ტრიალებდა და ყურადღებით ადევნებდა თვალს „ცისკრის“ გამოცემაში გაჩაღებულ „მამათა და შვილთა“ ბრძოლას! ეს ის პერიოდია, როდესაც პეტერბურგიდან ახლადდაბრუნებული ილია ჭავჭავაძე სამშობლოში საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. ილიას და ოლღას დაახლოება ემთხვევა „საქართველოს მოამბის“ პუბლიკაციის ასპარეზს. კერძოდ, 1863 წლის იანვარს, რაც თავის მხრივ, მიუთითებდა ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ახალი ძალებით განახლებას. ოლღა გურამიშვილში ილიამ დაინახა თავისი მომავალი მეუღლისა და მძიმე ჭაპანის ერთგულად გამზიარებლის სახე და პირველსავე წერილში, მიძღვნილი ოლღასადმი, რომელიც 1863 წლის 8 თებერვლით თარიღდება, იმ ხანისთვის ჯერ კიდევ გამოუცემელ „საქართველოს მოამბის“ კრიტიკოსობას სთავაზობს. შედგომში ოლღა ერთ-ერთ წერილში (თარიღი – 1863 წელი, 2 აპრილი) ამგვარ რამეს წერს: „ჩემდა სანუგეშოდ, ჩემდა სიცოცხლედ – ეს შენი წიგნებიდანაა და მინამ პირში სული მიდგას ამით ვასიამოვნებ, რომ მე ვიყავი ესე წელიწადი სრული ბედნიერი. ამას ვიტყვი, რომ ჩემისთანა ბედნიერი არამგონია ვინმე ყოფილიყოს, მაგრამ სოფელი და ჟამი გრძელი ყოფილა. ეს წიგნები ჩემთან დაიმარხებიან, მე რომ მოვკვდები.“ (ხელნ. ინსტ., ილიას ფონდი №226). როგორც ჩანს, ოლღამ სატრფოსთან მიმოწერის შესახებ თავის დას, ეკატერინეს გაუმხილა. აღელვებული ოლღა 1863 წლის 14 მარტს ილიას ატყობინებს: „საშინლად ვნანობ, რომ ვუთხარი ჩენს დასა, მომიტევე ჩემი უფიქრელი დანაშაულება. იმედი მაქვს თვით, რომ ჩემი სიცოცხლე მომიტევებს და თუ ამაღამ მოვახერხე, შემოვთვლი და მოხვალ. შენ გენაცვალე, საშინლად ვნანობ, მაგრამ რაღა გაეწყობა“ (ხელნ. ინსტ., ილიას ფონდი, №273).

ილიასთან თანაცხოვრება
ილიას თანამოსაგრეები შიშობდნენ, რომ მათი მედროშის კარს მომდგარი ჯვრისწერა პირდაპირ ხელის შემშლელი იქნებოდა „საქართველოს მოამბის“ გამოცემისა. თუმცა ილიასთვის „საქართველოს მოამბე“ უკვე შობილი პირმშოა, რაზეც დიდი სიხარულით უზიარებდა ჯერ კიდევ ჯვარდაუწერელ მეუღლეს, ოლღას: „გუშინწინ კეკე ბარათაშვილიც დამელაპარაკა შენზე. მე ვუთხარი, რომ უკვე ჯვარდაწერილი ვარ, ცოლი ფეხმძიმედა მყავს და მალე მეყოლება ვაჟიშვილი, რომელსაც სრულიად წინასწარ „საქართველოს მოამბე“ დავარქვი მეთქი.“ ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილის ჯვრისწერა საიდუმლოდ, 1863 წლის 10 აპრილს (და არა 21 აპრილს(!), როგორც ლიტერატურაში დღემდეა გავრცელებული) თბილისში, თბილისის სამების ეკლესიაში ჩატარდა. ილიას მხრიდან ჯვრისწერას ესწრებოდნენ – „საქართველოს მოამბის“ თანამშრომელი, დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ხოლო ოლღას მხრიდან – ფლიგელ–ადიუტანტი ვიცე-პოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და „კოლეჟის ასესორი“ სულხან თუმანიშვილი. ჯვარი დასწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა, რომელმაც საეკლესოი წიგნში შემდეგი რამ ჩასწერა: „1863 წ. №21, 10 აპრილს. სასიძო თავადი ილია გრიგორის ძე ჭავჭავაძე, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველი ქორწინებითა, 25 წლისა. სასძლო თავად თადეოზ გურამიშვილის ქალი ოლღა, მართლმადიდებელი სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველი ქორწინებითა, 20 წლისა…“ (იხ. ხელნ. ინსტ., ილიას ფონდი, №5) აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მოამბემ“ 1 წელი იარსება და მხოლოდ 12 ნომრით შემოიფარგლა. მთელი ამ ხნის მანძილზე ილიას გვერდით იდგა მეუღლე ოლღა, რომელიც ყველანაირად უწყობდა ხელს ჟურნალის გამოცემაში. თავად ილია, რა თაქმა უნდა, დიდად აფასებდა და ანგარიშს უწევდა ოლრას ნიჭიერებას და ლიტერატურულ გემოვნებას. ჯერ კიდევ 1863 წლის 15 მარტით დათარიღებულ წერილში, ჯერ კიდევ ჯვარდაუწერელი ილია თამამად უმხელს სატრფოს თავის ლიტერატურულ ფსევდონიმს — „ჯუმბერიძე“–ს. ილიას თანამებრძოლისა პირველი ბიოგრაფის გროგოლ ყიფშიძის თქმით: „ოლღა აღმოჩნდა ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი, ქველის მოქმედი, ყოველის კეთილის თანამგრძნობელი, დიდად მოსიყვარულე, თავისი სახელოვანი ქმრის და მაღმერთებელი მისის ნიჭისა“ (მ. გედევანიშვილის გამოცემა, თბილისი, 1914 ., გვ.XXXI). ოლღასადმი თავისი დიდი სიყვარული და პატივისცემა ილიამ იმითაც ცხადყო, რომ სწორედ მას უძღვნა არაერთი ლექსი და რაც ყველაზე მთავარია, პოემა – „განდეგილი“.

All-focus
All-focus

კარგი დედაკაცობა
ოლღა სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად მისდევდა ილიას მიერ მისდამი მიწერილ მცნებებს: „დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის . ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კარგი დედაკაცობაა, ქალს სხვა ბევრი რამ მოვალეობა აწევს საზოგადოების და ქვეყნის წინაშე“. მართლაც,ოლღა ქართველი ერის კარგი დედაკაცობის განსახიერებად იქცა, რომელსაც ერის წინაშე არაერთი მოვალეობა ეკისრა: ის იყო ქართველთა შორის წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების წევრი, 1895-1906 წწ. ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე, აგრეთვე ხელმძღვენელობდა ქალთა ჭრა – კერვის სკოლას, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას.

სამარადისო განსასვენებელი
თითქმის 20 წელი იცოცხლა ოლღა ჭავჭავაძემ ილიას სიკვდილის შემდეგ და ღრმად მოხუცი, 1927 წლის 25 აპრილს აღესრულა, 85 წლის ასაკში. ქართველმა ერმა 29 აპრილს მთაწმინდაზე, იქ, სადაც ყოველთვის ესწრაფვოდა დაკრძელვას, დიდებული მეუღლის გვერდით მიუჩინა განსასვენებელი. ოლღას დიდბუნოვნება და საქები ადამიანობა კიდევ უფრო გამოიკვეთა მაშინ, როდესაც ილიას მკვლელებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. მან უმაღლეს მთავრობას თხოვნით მიმართა – მკვლელები შეეწყალათ, იმიტომ, რომ თავად ილია სასტიკი წინააღმდეგი იქნებოდა სიკვდილით დასჯისაო. იოსებ იმედაშვილმა, ცნობილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძის დაკრძალვაზე: „…ახლა მიწას ვაბარებთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს დიდი ჭირისუფლის, ქართველი ხალხის წინამძღოლის და საიმედო პატრონის ილია ჭავჭავაძის ცხოვრების თანამგზავრს, მის ღირსეულ მეუღლესა და თანამზრახველს ოლღა თადეოზ გურამიშვილის ასულს, ვინაც მასთან ერთად სწია ქართველი ერის მძიმე ჭაპანი, და თავისი მეუღლის ნარ-ეკლით მოფენილ ცხოვრებასა და სისხლიან სიკვდილს უმწიკვლო ზვარაკად შეეწირა…“

საინტერესო ფაქტი
კოხტა აბაზი, პიროვნება, რომელიც აღიზარდა გიმნაზიისა და სტუდენტობის წლებში ილია ჭავჭავაძესთან ერთად, ილიას პირველ გატაცებაზე (ოლღას გამოჩენამდე წლებით ადრე) დასძენს: „ილიას პირველი სატრფო იყო ვინმე ტერ-ასატუროვისა. ილია იქნებოდა ესე 13-14 წლისა. მისი სატრფოს მშობლები სცხოვრობდნენ თამამაშევის ქარვასლის მე-2 სართულში.ხშირად მივუახლოვდებოდით ხოლმე მე და ილია მის ღვთაების სარკმელს და იქიდანაც ღიმილით გადმოგვხედამდა ხოლმე პატარა ქალი. ეს სიყვარული, თუკი სიყვარულად ჩაითვლებოდა, იყო ნამდვილი პლატონური. საზოგადოდ ილია მეტად ადვილად „აინთებოდა“ ხოლმე, მაგრამ გულის ცეცხლი არც ისე ხანგრძლივი იყო ხოლმე“.