დეკანოზი ანდრია მანჩაკოვი: ახალი წლის აღნინიშვნა იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ

2657

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი
შობის დღესასწაული, ესაა დღე, როდესაც იშვა და კაცობრიობას ხორციელად მოევლინა განკაცებული უფალი იესო ქრისტე. ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრა ქვიშხეთის აღდგომის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ანდრია მანჩაკოვი.

– დაგვლოცეთ მამაო…
– ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
– მამაო, რა მნიშვნელობა აქვს შობის დღესასწაულს? მას ყოველთვის წინ უძღვის მარხვა და რატომაა დაწესებული იგი?
– მაცხოვარი ებრაელ ერში განკაცდა, რამეთუ ღმერთი განსაკუთრებით ამზადებდა ამ რჩეულ ერს მხსნელის მისაღებად. მისგან უნდა გამოსულიყო მესია. აბრაამს უთხრა: „იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქვეყანისანი“ (დაბ.27,18). დავით წინასწარმეტყველს უბრძანა: „აღვადგინო თესლი შენი შემდგომად შენისა და განვმართო საყდარი მისი უკუნისამდე“ (მეფეთა 7-12). ანუ ქრისტე ქალწულისაგან შობილი აბრაამისა და დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო, მას უნდა მიეცა ყველა ერისთვის კურთხევა ღვთისა და საუკუნოდ ეუფლა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე განცხადდა. სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში იშვა მხსნელი. მათ გადაწყვიტეს მისულიყვნენ და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს ყრმას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი, როგორც ღმერთს და მური, როგორც ადამიანს. რაც უფრო დიდი, გრანდიოზული დღესასწაულისათვის ვემზადებით, მით უფრო ადრიანად ვიწყებთ სამზადისს, მთელ გულსა და სულს ვდებთ მასში და მეტი პასუხისმგებლობითაც ვეკიდებით, სწორედ დღესასწაულის შესახვედრად გვამზადებს დაწესებული მარხვაც. მარხვის დროს ადამიანმა უნდა მოკლას ხორციელი ვნებები, გაძლიერებული მსახურებით, მოღვაწეობით, სინანულით, რათა სული განიწმინდოს, მგრძნობიარე გახდეს და ჩაწვდეს დღესასწაულის არსს, შეიმეცნოს მისი მნიშვნელობა, თანამონაწილე გახდეს სადღესასწაულო მოვლენისა.
– რამდენიმე წელია მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულს, ღამეს სარკმელში სანთლის დანთების ტრადიცია დამკვიდრდა…
– ვიცით, რომ მაცხოვრის შობის მოახლოვების ჟამს, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოლოგინების დრო მოახლოვდა, მართალ იოსებსა და მარიამს რომის იმპერიაში გამოცხადებული საყოველთაო აღწერის გამო, ბეთლემში წასვლა მოუხდათ. ბეთლემში ჩასულ მარიამის და იოსებისთვის არცერთი სასტუმრო არ აღმოჩნდა თავისუფალი და იძულებულნი გახდნენ ქალაქის განაპირა მდებარე გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი, რომელიც უამინდობისას პირუტყვთა სადგომს წარმოადგენდა, აი, აქ, სახლიდან მოშორებით ცივ ღამეს, არა თუ რაიმე მიწიერი ფუფუნებით, არამედ ყოვლადკეთილმოუწყობელ გარემოში შვა ღვთისმშობელმა ყრმა და მიაწვინა იგი ბაგასა. შობის ღამეს სარკმელში სანთლის დანთებით სიმბოლურად მივანიშნებთ, რომ ჩვენი გული და სახლი მზად არის მიიღოს ყოვდაწმინდა ღვთისმშობელი და მაცხოვარი.
– მამაო, საშობაო „ალილოსთან“ დაკავშირებით რას გვეტყვით?
სიტყვა „ალილო“ ალილუიადან მომდინარეობს, „ალილუიას“ ხალხური სახეცვლილებაა. „ალილუია“ ანგელოზთა საგალობელია, რაც ნიშნავს „დიდება უფალს“. „ალილო“ – ხალხური ტრადიციაა. მისი მონაწილენი გარეგნულად გამოხატავენ სიხარულს, უფლის შობის სადიდებელი საგალობლებით. ესეც ერთერთი ფორმაა ღვთის დიდებისა, ღვთისადმი მსახურებისა.
– რამდენად არის მიღებული ახალი წლის აღნიშვნა მარხულობისას?
– ახალი წელი, როგორც ასეთი, საეკლესიო დღესასწაული არ არის და ვერ იქნება. არსებობს საზოგადოება, რომელიც ერთდროულად მრევლიც არის და ჩვეულებრივი ნაწილი სახელმწიფოსი და იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ახალი წლის ორჯერ აღნიშვნასთან დაკავშირებით. ეს დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებაზე. ერთია „იულიუსის“, მეორე „გრიგორიანული“ სტილის. ახალი წლის აღნინიშვნა იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ. ის სიშვიდე და მყუდროება, რომელსაც მარხვის განმავლობაში ვინარჩუნებთ, ქარს არ უნდა გავატანოთ, შეგვიძლია ავღნიშნოთ ოღონდ მარხვით და არა რაიმე ასტრონომიული მოვლენის მოტივით, რაც აშკარად უგუნურებაა.