არქანიას ჩინური ბრინჯაოდან ტოკიოს ოლიმპიადამდე სულ ცოტა…

2475

გოგიტა არქანიამ კიდევ ჩინურ შანხაიში დამთავრდა კარატისტთა პრემიერლიგის პაექრობები. საქართველოს ნაკრებიდან +84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალებს ცდიდა მსოფლიოს ექსჩემპიონი, თუმცა ანგარიშგასაწევი კარატისტი გოგიტა არქანია.

არქანიამ ხუთი ბრძოლა გამართა. პირველად ალჟირელ ჰოსაინ დაიხს სძლია – 3:1, შემდეგ ორი ორთაბრძოლა ნულოვან ფრედ დაასრულა – ბაბასარ სეკ სახოსა (ესპანეთი) და რიზვან ტალიბოვთან (უკრაინა) თანაბარი ორთაბრძოლა გამართა, მაგრამ შეხვედრებში არბიტრებმა ქართველი კარატისტი უფრო აქტიურად სპორტსმენად მიიჩნია და არქანიაც ნახევარფინალში მოხვდა.

აქ კი ტურნირის მომავალ ჩემპიონთან, ირანელ საჯად განზადენთან მინიმალური ანგარიშით – 1:2 დამარცხდა. არქანიამ დამამშვიდებლის ფინალში ჰოლანდიელ ტირონ-დარნილ ლერდის აჯობა – 3:1 და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ასევე მესამე ადგილი დაიკავა ფრანგმა მეჰდი ფილალიმ.

პირველ-მეორე ადგილებისთვის ბრძოლაში განზადენისა და მისი თანამემამულე სალეხ აბაზარის გადამწყვეტი პაექრობა ფრედ – 0:0 დასრულდა. რადგანაც საჯადი უფრო აქტიურად უტევდა და მეტად ცდილობდა ქულების მოპოვებას, ოქროც მას ერგო, აბაზარი ვერცხლს დასჯერდა.


მინსკის მეორე ევროპული თამაშებისთვის (29-30 ივნისი) დღემდე მოგროვებული სარეიტინგო ქულებით +84 კილოში გოგიტა არქანია 3285 ქულას ითვლის და მეორე ადგილზეა, ამიტომაც ბელარუსიაში გამგზავრება გარანტირებული აქვს. კლასიფიკაციის სათავეშია გერმანელი ჯონათან ჰორნი 5400 ქულით, ხოლო თურქი ალპარსლან იამანოღლუ 3240 ქულით მესამე ადგილზეა.

2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში კარატისტი ვაჟები სამ წონით კატეგორიაში გამოვლენ. თითო წონაში 10-10 სპორტსმენი იბრძოლებს მედლებისთვის. აქ მძიმე წონაა +75 კილო, რომლის რეიტინგში 2235 ქულით ქართველი სპორტსმენი მე-11 ადგილზეა, მე-10 ადგილზე მყოფ სალეხ აბაზარს იგი 500 ქულით ჩამორჩება.

– იმედი გვაქვს, რომ გოგიტა არქანია გახდება ოლიმპიელი და ამით ყველა ვიამაყებთ. იგი კარგ ფორმაშია და ამ ეტაპზეც ინარჩუნებს ფიზიკურ მდგომარეობას. რეალურად რომ ვთქვათ, ათეულისთვის ბრძოლაში ქართველი პორტსმენი მე-8 ადგილზეა. მინსკის თამაშების გარდა, წლის ბოლომდე იგი კიდევ სამ მნიშვნელოვან ტურნირში იასპარეზებს. ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე, საოლიმპიადედ მხოლოდ ამ ერთი სპორტსმენის მომზადებაზე გვაქვს ორიენტაცია აღებული, რადგან ჩვენი წლიური ბიუჯეტი 100.000 ევროს არ აღემატება, მაშინ, როცა საფრანგეთი 15 მილიონს ხარჯავს ამისთვის, თურქეთი 9 მილიონამდე გაიღებს, ირანი 5 მილიონს მოიხმარს, აზერბაიჯანს კი 2 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი. სამწუხაროდ, ვერც ახალგაზრდებს ვაქცევთ ჯეროვან ყურადღებას, – აღნიშნა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.