28 ივნისს, მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ, მარნეულელი მომღერალი, შაბან მამედოვი კონკურსებში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა. შაბან მამედოვი ერთერთი თვალსაჩინო მარნეულელია, რომელიც საქართველოს და სხვა ქვეყნებში გამართულ სიმღერის საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებით გამოდის და საკუთარ ქალაქთან ერთად საქართველოს ასახელებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შაბან მამედოვმა გასული წლის ნოემბერში გამართულ შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე – „ივერია – ბრილიანტზე“ პირველი ადგილი აიღო. მაღალი შეგედის და ფესტივალის განვითარების კონცეფციიდან გამომდინარე, შაბანი „ივერია – ბრილიანტის“ დამფუძნებელმა უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში გააგზავნა შშმ პირთა სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე „ზალატოი პტახ“, სადაც ასევე პირველი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ, 2019 წლის 4-5 მაისს ქუთაისში გაიმართა „ივერია – ბრილიანტი“ ასევე საერთაშორისო ფესტივალი და აქაც გრანპრის მფლობელი გახდა.
შაბან მამედოვი ჩართულია „ივერია – ბრილიანტის“ საქართველოს საქალაქთაშორისო ტურნეში და სხვა მრავალ პროექტ-კონკურსში, შესაბამისად, მისი წარმატებული მუსიკალური მოღვაწეობისა და მიღწეული წარმატებებისთვის, მადლობის სიგელი, სიმბოლური საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცა მარნეულის თვითმმართველობამ.
დარგალმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა მომღერალს მარნეულის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დაუჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ შაბან მამედოვმა საერთაშორისო ფესტივალებზე გრანპრი 5-ჯერ მოიპოვა, 11-ჯერ სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებზე გაიმარჯვა და 50-ზე მეტი დიპლომი აქვს.
შაბანს ხელოვნებაში, კერძოდ კი ესტრადაზე, როგორც მომღერალს და მუსიკოსს კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.