ბექა დავითულიანი და თამარ ტალიაშვილი

2327

ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა და თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა და  ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ნორვეგიაში მიმდინარე  კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში   მონაწილეობა მიიღეს.

სხდომაზე, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული მონიტორინგის ანგარიშები მოისმინეს. ქართული და უკრაინული დელეგაციის წევრებმა რუსეთის მონიტორინგის მისიის დასკვნაში ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მოხსენიება გააპროტესტეს. სხდომაზე აღნიშნული შენიშვნა გაითვალისწინეს, რომელიც   დოკუმენტში მოგვიანებით აისახება.

“საქართველოს დელეგაცია ერთიანია რუსეთის ფედერაციის მონიტორინგის დასკვნასთან მიმართებაში. ჩვენთვის  ყირიმის  რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ტერიტორიულ ერთეულად მოხსენიება მიუღებელია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც ყოველთვის დავუჭერთ მხარს”- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წევრებმა უნგრეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელეს. ასევე, აზერბაიჯანსა და კვიპროსში წევრი სახელმწიფოების ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან შესაბამისობის საკითხი განიხილეს. დღესვე, დელეგატებმა ვენეციის კომისიის დასკვნაზე და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე  ყურადღება გაამახვილეს.

სხდომაზე  აღინიშნა, რომ „ათეა“-ს პრეზიდენტის – კახა კალაძის მოწვევით, 2020 წლის 11 თებერვალს, თბილისში მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
საქართველო მიმდინარე წლის ნოემბრიდან, 2020 წლის მაისის ჩათვლით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.