ქსავიერ კადორე: ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

2055

დღეს, თბილისის საკრებულომ,  საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის,  ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის  იუბილეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით გაიმართა.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა  ქსავიერ კადორემ მიმართა.  მან  ქართულ მხარეს საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე მიულოცა და ქვეყანას ევროპის საბჭოსგან დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით რეფორმების განხორცილებაში აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდა.

ქსავიერ კადორემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ევროსაბჭო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია.  

„სიტუაცია ქვეყანაში არ არის მარტივი, რადგან ის იბრძვის თავისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს საკითხი ევროსაბჭოსთვის პრიორიტეტულია. ამ საკითხში ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო სამართალს. ევროპის საბჭო დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს“  – აღნიშნა ქსავიერ კადორემ.