რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში…

3201

რუსთავში ისტორიული ციხის რესტავრაცია იწყება. ციხის ჩრდილოეთ ზღუდის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოები დღეს დაიწყო. ისტორიული ძეგლის აღდგენის წინაპირობა, ,,ციხე-ქალაქ რუსთავის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის და მართვის გეგმა“ გახდა, რომელიც რუსთავის მერის თხოვნით შექმნეს ქალაქის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს.
ციხის რესტავრაციის პროცესის დწყებას, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილეებთან – ბესიკ ტოგონიძესთან და გოჩა ლორიასთან ერთად დაესწრო. „რესტავრაციისათვის პირველ ეტაპზე შერჩეულია სამი ლოკაცია. პროექტისათვის 120 ათასი ლარი, ფონდმა „ქართუმ“ გამოყო. ვფიქრობ, ეს ისტორიული რუსთავის ციხის აღდგენის დასაწყისია და დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლომდე მივა დაწყებული საქმე“, – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.
როგორც რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა განაცხადა, პირველ ეტქპზე, მოხდება ციხის ჩრდილოეთ ზღუდის კონსერვაცია და მომზადება რეაბილიტაციისთვის.
„ამ ეტაპზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტის საფუძველზე დაიწყება ყველაზე მეტად დაზიანებული ციხის ჩრდილოეთ ზღუდის კონსერვაცია-გამაგრება. ეს მონაკეთი ყველაზე დაზიანებულია, ჩამოშლის ზღვარზეა და სწორედ ამიტომ, ვიწყებთ აქედან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის ციხე-სიმაგრე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ნაწილია, ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიის შემცველია მისი თითიეული მონაკვეთი, შესაბამისად, იგი კარგად წარმოაჩენს შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღნაგობას, სტუქტურას და ზოგადად შუასაუკუნეების ციხეზე ბევრ ინფორმაციას გასცემს როგორც ადგილობრივი მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის“ – განაცხადა, რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნაზი პაჭიკაშვილმა.
რუსთავის ისტორიული ციხესიმაგრე, თბილისის მახლობლად, დედაქალაქის დასაცავად აგებულ ციხეთაგან ერთ-ერთს წარმოადგენდა. მისი პირველი ზღუდე, VI-V საუკუნით, მეორე შიდა ზღუდე -IX-XI, გარე კედელი, კი XII- XIII საუკუნეებით თარიღდება. რუსთავის ციხე ერთადერთი ციხეა საქართველოში, რომელშიც არის ფრესკები. კულტურული მემკვიდრეობის ამ ძეგლს, რესტავრაცია პირველად უტარდება. პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა, სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.