მოხალისეები რუსთავში

2106

რუსთავში მოხალისეებმა სოციალურად დაუცველებისთვის საკვების ადგილზე მიტანის სერვისი დაიწყეს. დღეიდან, ვირუსის გავრცელების საფრთხის დასრულებამდე, ქალაქში არსებული ოთხივე სოციალური სასადილოდან, ხანდაზმულ და დაავადების რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, საკვებს მოხალისეები სახლში მიუტანენ. დღეს რუსთაველ მოხალისეებს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და გოჩა ლორია შეხვდნენ და მადლობა გადაუხადეს იმ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ მოხალისეთა რეგისტრაციის გამოცხადებისთანავე გამოიჩინეს. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.
,,პირველ რიგში მადლობას ვუხდი ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს. ჩვენ კორონავირუსის პირველი შემთხვევისთანავე დავიწყეთ მოხალისეთა მობილიზება, შევქმენით ერთი ჯგუფი მუნიციპალიტეტის ძალებით და ცალკე გამოვაცხადეთ ონლაინ რეგისტრაცია. აქტივობა რუსთაველი ახალგაზრდების მხრიდან ძალიან მაღალი იყო და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ ამისთვის, რადგან დღეს ისე, როგორც არასდროს გვჭირდება, რომ ყველამ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვაძლევს და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ახლა თანადგომას. კოორდინირებულად ვიმუშავებთ ლიბერთი ბანკის რუსთავის ფილიალებთანაც, რადგან დღეს სოციალურად დაუცველებს სახელწიფოს ფულადი დახმარება ჩაერიცხათ და აქაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ რეკომენდირებული სოციალური დისტანციის დაცვა იქნება საჭირო“ – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
მოხალისეები 10 ტერიტორიული ერთეულის მიხედვით არიან დაყოფილნი და სოციალური სასადილოების ბენეფიციარების გარდა, რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების მიხედვით გამოკვეთილ ისეთ რუსთაველებს დაეხმარებიან, რომელთა სახლიდან გამოსვლა, ამ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით საფრთხის შემცველია მათივე ჯანმრთელობისთვის.
უახლოეს დღეებში, რუსთავის მერია სურსათის გაცემას საბავშვო ბაღებიდანაც დაიწყებს. პროდუქტი სულ 950 ბენეფიციარს: სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების, იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრ, მარტოხელა დედების შვილებს და ობოლ ბავშვებს გადაეცემათ. ბენეფიციართა ნაწილს, ამ შემთხვევაშიც მოხალისეები მოემსახურებიან.
მოხალისეთა რეგისტრაცია, რუსთავის მერის ინიციატივით, კორონავირუსის პირველივე შემთხვევების დღეებში გამოცხადდა. დღეს რუსთავს უკვე 200 მოხალისე სთოფერი ჰყავს.