წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში

2363

თბილისის  საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, კამპანიის ,,წარმატებული სპორტსმენები საკრებულოში“  ფარგლებში,  2019 წლის მინსკის მეორე ,,ევროპული თამაშების“ მედალოსანი სპორტსმენების და მათი მთავარი მწვრთნელების  მიღება გაიმართება.   წარმატებულ სპორტსმენებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ და საკრებულოს დეპუტატებმა  უმასპინძლეს და  სპორტში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

როგორც  თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, საკრებულომ დღეს ტრადიციულად, წარმატებულ სპორტსმენებს უმასპინძლა. მისივე თქმით, ღონისძიება კამპანიური ხასიათისაა და იგი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენი სტუმრები  2019 წლის მინსკის მეორე ,,ევროპულ თამაშების“ მონაწილეები და პრიზიორები არიან. დღეს ჩვენ, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ჩვენს კოლეგებთან ერთად, მათ  ძალიან დიდი მადლობა გადავუხადეთ იმისთვის, რომ საქართველოს სახელს  საერთაშორისო ასპარეზზე იცავენ“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემაც მიმართა. მან სტუმრებს  სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი გამარჯვებები უსურვა.  

„ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა. თქვენი სტუმრობით  მადლიერების  გამოხატვის საშუალება მოგვეცა, როგორც თქვენს მიმართ, ასევე თქვენი დიდი შრომისა და იმ დიდი საქმის მიმართ, რასაც  ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო  ყველა იმ ადამიანს, რომლებიც თქვენი წარმატების საქმეში პირდაპირ თუ ირიბად არის ჩართული.  თბილისის საკრებულოს აქვს კარგი ტრადიცია წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოებისა. მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა და ბევრი წარმატება,  წინსვლა და გამარჯვებები გისურვოთ“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საქართველოს დელეგაციამ 2019 წლის მინსკის ,,ევროპულ თამაშებში“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ჯამში 30 მედალი მოიპოვა, მათ შორის 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. აღნიშნული შედეგით საქართველომ, არაოფიციალურ ჩათვლაში, 50 ქვეყნის 4 082  სპორტსმენს შორის, მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის,  საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ასევე ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2019“ ფინალისტი გუნდები და ტურნირის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები ესწრებოდნენ.