წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2511

ავტორი: თამარ მეტრეველი

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

თამარ მეტრეველი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეზია“

+ + +

ვაჟა ფშაველას ქუჩა არსებობს,
ვაჟა ფშაველას მეტროს სადგურიც,
ვაჟა ფშაველას ძეგლიც არსებობს,
კვნესით დაღლილი, ვაჟას ფანდურიც,
ეგ მომზირალი, ლომის თვალები,
მაგ ფაფახიდან, ნაღვერდლად ცვივა…
მე მესმის, შენი გულის ტკივილი,
მე, შენი ყველა ტკივილი მტკივა…
შენ იასავით ინატრე კვდომა,
ზემოდან ჭრელა ფოთოლ დაყრილის…
გარდაცვალებას შეასხი ხოტბა,
სიკვდილს შეუბი თეთრი მარხილი…
მუჭში მოფშვნეტილ თავთუხის მარცვლებს,
უტყვი ცრემლების დინება ახრჩობს…
ყანისპირს, მუხლზე დაჩოქილ განცდებს,
დაჭრილ არწივის მუქარაც ახსოვთ..
ნეტავ შემეძლოს, რომ ჩაგენაცვლო,
ჩემი სიცოცხლე, შენს ვანაცვალო,
შენს დაჭლექებულ, ფილტვებად ვიქცე
და შენი სენი, მტკვარს გავატანო…
იყავ და წერე, ლექსი ბუბუნით,
დაკოჟრილ ხელზე გიყვავის ია,
სადაც სიმღერით კვდება ბულბული,
ვაჟა ფშაველას სამშობლო ჰქვია…

+ + +

მიყვარდი ცამდე,
მთვარემდე, მზემდე
და ჩემს სიყვარულს
სულ არ ჰქონდა შენამდე კიბე…
ასე მიყვარდი გარიყული
გულიდან ზღვამდე
ო, მზეო ჩემო, მთვარევ ჩემო,
რაღა ვთქვა კიდევ,
არც ბეწვის ხიდი მიძებნია
აქამდე ვიდრე,
ვერ გითხარი და სინანული
ხურჯინით ვზიდე….

+ + +

შენს „ლურჯა ცხენებს“ ფაფარაშლილთ,
ვინ დააოკებს,
ან ვინ იტვირთებს „გრაალს“ ლოცვას,
მუხლმოყრას ღამით,
დახრილ წამწამებს, სიმორცხვე სძლევს
„მერის“ შავ თვალებს
და ათრთოლებულ ბაგეებით, ჩურჩულებს – „ამინ“…
თქვენ! მხოლოდ ორნი, შენ და ღამე, ისევ ევნებით,
„მზე თიბათვისა“ ცაზე ისევ ბევრისმთქმელია,
ისევ ჯიუტად შრიალებენ შენი „ვერხვები“,
ვინც უკვდავება მოიპოვა
ბედნიერია ….

სონეტი…
ქრება ქარავნის ნაკვალევი უმალ ქვიშაზე,
დაუნდობელ ქარს საბაბი აქვს სათარეშებლად,
სალოცავისკენ მუხლზე ჩოქვით მიდის მავანი,
უსინანულოდ, ტაძრის კარში ნურავინ შევალთ…
იმედები მაქვს პაწაწინა რწმენის მარცვალი,
მაფიქრებს ბედი მომავალი ოცნებებისა,
მიწაზე ცოდვა აღარ დამრჩეს დაუმარხავი,
დავასამარო უნდა ფიქრი ცრუ ვნებებისა…
მაგრამ გგონია ადვილია სიშიშვლე ცოდვის?
ჯვარცმის წინაშე აღსარებას უფალი ისმენს,
მზისგან გამღვალი ყინულისგან წვეთები მოდის,
გაქრება ისე სხეულიდან ცოდვები მყისვე,
მოდის შვება და სიყვარული იღვიძებს სულში,
თითქოს ფრთები გაქვს სამყაროში დაფრინავ თითქოს,
ბაგეებს შენსას წამოსცდება სამადლობელი,
ცრემლის გუბურა სიხარულის მთლიანად გიპყრობს,
სანთლის წვეთი ვარ დაღვენთილი კელაპტრის ძირსა,
არცა ვარ ღირსი ხსენებისა შენს სახელისა,
მტვერი ვარ მიწის, აღმადგინე მაქციე ცისა,
დაველოდები უკანასკნელ ჟამს მოსვლას ძისა…
მომიხსენიე, ოდეს მოხვალ, მხევალი ყმისა,
უფლის გარეშე ვერვის ძალუძს გაღებად პირსა,
თქმისა ლექსად და პოეზიად ამოთქმად ხმისა,
მოწყალე თვალით გადმომხედე, დედაო ღვთისა….
შემოდგომაა, ალუბლის სველ ტოტს
წვრილი ფეხებით ათბობს ნიბლია,

+ + +

მე მთვარის შუქზე ვიწრო ბილიკი,
შენი იმედით გადამივლია…
ისევ ვაკოცებ ჭინჭრის ნაწნავებს,
როგორც ყრმობისას ვიყავ ჩვეული,
ნეტავ ბავშვობა დაბრუნდებოდეს
ან ძმების სუნთქვა ცას გაქცეული…
ისევ მივაპობ ჭანგას უძალოდ,
ან… გაკვალულ გზას, როდის მივლია,
ერთად ვტიროდით მუდამ უფალო
უღმერთონი კი… ცოდვებს მითვლიან!
შემოდგომაა, ალუბლის სველ ტოტს
პატარა ფრთებით ათბობს ნიბლია,
მე მთვარის შუქზე, ხრამის ბილიკი
შენი იმედით გადამივლია…

+ + +

უკვე ღამეა, რად არ ჩანან ეს ვარსკვლავები,
თუ ნამტირალნი ჩაუცვივდნენ უბეში მთვარეს.
ცად, რა ხანია დაირეკა ცისკრის ზარები
და ცრემლი მოსწყდა კელიაში შორენას თვალებს…
სიმუხთლე ბედის,სვეტიცხოვლის დროჟამის მომსწრე,
აღმართულია ტაძრის ხედი,როგორც შედევრი,
იქ სახურავზე მოღუღუნე მტრედები სხედან
და ნისლი წვება მოქანცული,როგორც ბებერი…
გავა წლები და საუკუნე შეხსნის დარაბებს,
დღესაც სიძულვილს სჯობნის გრძნობა სულ ერთი მუჭა,
თავთუხისფერი დალალები შენს გულს განაგებს,
ფლოქვს, მიწას რომ სცემს ის ულაყი, შენია უტა…

+ + +

მე გავიმარჯვე,
საკუთარ თავზე,
მაგრამ სიცოცხლე,
დავთმე სანაცვლოდ,
ახლა, ზეცაში
ნავარდობს სული,
ბედნიერია უმისამართოდ…
მიწაზე დავალ,
ხორცით მოსილი
და უბით დამაქვს
ტბორი ცრემლისა,
ჩემს თავს წავართვი
ბედნიერება
და უკვდავება,
შენით მეღირსა…

+ + +

მე შეიძლება შელახული
სანდალი მეცვას
და ჭაღის ნაცვლად დამნათოდეს
ცაზე ეს მთვარე,
მაგრამ ამ გულში სიყვარული
სარტყელად მერტყას,
მადლობა უფალს, რომ
ოდესღაც გადამეყარე,
ან იქნებ, სულაც დამიკაწროს
ასკილმა ხელი,
მისი ნაყოფით, რომ საღამოს
ჩაი დავლიო,
გავშალო მოლზე ღარიბული
პატარა ტაბლა,
სიღარიბეში ბედნიერმა
წლები გავლიო,
რადგანაც სულში მერცხლები მყავს,
უვლიან ზეცას
და არც ოქროს მთებს მივტირივარ
გრძნობა შეშლილი,
მე შეიძლება, შელახული
სანდალი მეცვას
და სიყვარულის შემოგავლო
გრძნობის ჯებირი…

+ + +

მინდა რომ ფიფქი მათოვოს ზეცამ,
გულში სასჯელად დამრჩა ცოდვები,
რომ ყველა ლექსის მიზეზი შენ ხარ,
ზეცად გიშვებ და მაინც გროვდები…
შარშანდელ სიზმრით ვახურებ ბუხარს,
შიშინებს დარდი გულზე ნაკვერჩხლის,
მითხრეს, ეწამო-პოეტი თუ ხარ,
ოხვრა არ დაგცდეს, პირქვე დამეწყრილს…
ადნება ღაწვებს ფიფქი მთვლემარე,
ბარდნის და მზის სახლს, ბოქლომი უდევს ,
ნაბახუსევი დაღლილი მთვარე,
მზის სხივით კემსავს ვარსკვლავთა ბუდეს…
შობისთვის იქნებ მოთოვოს კიდეც,
მხრებზე დარდმოსხმულს მინდა ტირილი,
ვწუხვარ, რომ ქვეყნად ამ ერთხელ მოსვლით,
ვერ დავიამე სულის ტკივილი…