წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2355

ავტორი: მაია მიქაია

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

მაია მიქაია – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ერთი ლექსი“

ილორის  ზარი

                           ილორის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ტაძარს

                            გუმბათი  შეუცვალეს  და  თეთრად  გადაღებეს.

                            მხოლოდ  ზარი  არ  შეუცვლიათ…

თურმე  ერთ  ტაძარში  მე  და  შენ

მოგვნათლეს  და  გვაცხეს  მირონი,

მადლივით  წვეთავდა  ზედაშე

და  ჯვარი  გვლოცავდა ილორის.

თუმცა  არც  დღეს  ვიტეხთ  იხტიბარს,

არ  ისმის  იქ  ლოცვა  ქართული

და  თავზე  გვადგამენ  ირიბად

გვირგვინად  დახლართულ  მავთულებს;

გუმბათებს  და  კედლებს  დაბზარულს

ცრემლი  სდით  დაბინდულ  ფრესკებზე,

ღრუბლები  შავად  და  ტაძარი

ადგნენ  და…  ნისლისფრად  შეღებეს;

გული  კი  ფრთხიალებს  და ვიდრე

დარეკავს  გონების  სამრეკლო:

– დაინდე!

          – დაინდე!

                 – დაინდე!..

მაფრთხილებს:

– არ ენდო!

          – არ ენდო!..

უნაზეს  ლოცვიან  სიტყვათა

მდინარე  არ  მინდა  დადუმდეს.

კვლავ  წმინდა  გიორგი  გვიფარავს

მე  და  შენ  –  ილორის  ნათლულებს.

ძარღვებში  სისხლივით  იარა

მადლმა  და   ვანთებდი  იქ  სანთელს,

რომ  ზღვიდან  მთებამდე  კი არა,

ტაძრიდან  ტაძრამდე  გიყვარდე.

ტაძრამდე,  რომელშიც სულის მზე

ზღვის  ფსკერზე  დროებით  ჩასულა.

შენ  იცი,  ის  ზარი  გულში  ძგერს,

იქ  მხოლოდ  ზარი  რეკს  ქართულად!

სასჯელი 

ათასჯერ  მოვკვდი,  ათასი  წლის  ვარ,

ათასი  წყენა  ვმალე  ათასჯერ.

ყველა  ტკივილი  მახსოვს  და  მტკივა,

ათასჯერ  ვცოდე,  ერთხელ  დამსაჯეს

შენით…

ბზარებში  სინათლის  სხივად

ამტკივდი  ბნელში  თვალებგახელილს,

მაგრამ  ხარ  დღემდე  ყველაზე  ტკბილი

და  სასურველი  ჩემი  სასჯელი.

შენ  თუ  მიშველე,

შენ  თუ  მიშველე,

ღამისკენ  გულ  და  თვალებმიბჯენილს,

როცა  თავხედი  ბედის  სიშლეგით

დაფლეთილ  სულში  შემოიჭერი

სხივად,

რომელსაც  აღარც  ველოდი

დაბადებიდან  ვიდრე  ნახვამდის…

კიდევ  კარგი,  რომ  ირგვლივ  ბნელოდა,

თორემ  შენც  ვეღარ  დაგინახავდი.

შურიმშინე

ცისფერ  ზაფხულს  შემოდგომა  გადაება,
ზღვას  ქარებმა  ღრუბლის  გული  შეუშვირეს
და  შენსავით  ბაგეტკბილი გულაბების
და შენსავით ბაგეტკბილი გულაბების
ყვითელ  ფოთლებს  აშრიალებს, 
შურიმშინე.
გითხარი,  რომ  ვერ  დავრჩები,  მალე  წავალ,
შენ  თვალები  დახარე  და  მოიწყინე.
როგორ  ვდარდობ,  მაგრამ  შენთან  მე  არა  ვარ,
როგორ  გნატრობ,  რადგან  შენთან  მე  არა  ვარ,
მე  არა  ვარ,  შენთან  ზღვაა, 
შურიმშინე.
სანამ  ნისლებს  დავიწყების  შევერევი,
თვალს  აყოლებ  პეპლის  ფრთებად  მობიბინე
ფირუზისფერ  კაბას,  ქარში  გადარეულს,
ფირუზისფერ  კაბას,  ქარში  გადარეულს,
თვალს  –  აყოლებ,  გული  _- გწყდება, 
შურიმშინე.
ახლაც  გხედავ  მხარმიყრდნობილს  სევდის  ლოდთან,
ზღვის  ნაპირზე  რომ  იდექი  მომლოდინე,
მიმწუხრისას  მზე  დასავლეთს  მიდიოდა,
სხივჩამქრალი  მზე  დასავლეთს  მიდიოდა,
მზესთან  ერთად  მეც  წავედი, 
შურიმშინე.
სიშორეში  რადგან  მე  ვარ  დამნაშავე,
გავჩუმდი  და  უშენობა  მოვითმინე.
ზღვის ტალღებზე მიტორტმანებს შენი  ნავი,
უიალქნოდ  მიტორტმანებს  შენი  ნავი,
მეც  დინებას  მივუყვები, 
შურიმშინე.
დედამიწას,  მრგვალს  და  მრავალწახნაგოვანს,
გარს  ვუვლი  და  გული  ვეღარ  მოგაწვდინე.
დღეს  ჩვენს  შორის  ბინდისფერი  სამყაროა,
გზებით  შორით  დასერილი  სამყაროა
შენს  კუთხიდან  ჩემს  კუთხემდე, 
შურიმშინე.
მაგრამ  იცი,  ვერასოდეს  მიგატოვებს,
ვისაც  ერთხელ  ასე  თბილად  გაუცინე.
მიყვარს,  როცა  ცა  ირეკლავს  ღიღილოებს,
შენს  თვალებში  მოციმციმე  ღიღილოებს,
შეყვარებულ  შენს  თვალებში, 
შურიმშინე.
ღმერთო  ჩემო,  რა  მძიმეა  ქალის  ტვირთი!
მე  კი  შენით  უფრო  მეტად  დავიმძიმე.
ზღვას  მზის  ჩასვლით  შეეფაკლა  ლაზურიტი,
ზღვას  მზის  ჩასვლით  შეეფაკლა  ლაზურიტი
და  ნაპირი  გაირინდა, 
შურიმშინე!

შურიმშინე  – (ლაზ.)  სულის  მახსენებელი

პოეტი

ცა  მართავს  პოეტის  არეულ  გონებას,
მუდმივად  მოუხმობს  შორეთი.
პოეტის  ცხოვრებას  მზერას  აყოლებენ,
გაშლილი  ფიქრია  პოეტი. 

სხვაგვარად  ალაგებს  მის  იღბალს  განგება,
ვიდრე სხვა –  ცხოვრების  სტუმართა.
პოეტი  კი  არა…  ის  ქალიც  არ  კვდება, 
ის  ქალი,  პოეტს  რომ  უყვარდა.

მისი  ბედისწერა  ტანჯვა  და  ფიქრია,
ლექსი  კი – ცხოვრების  ფასი  ღირს…
პოეტის  ცხოვრებას  ერთი  თარიღი  აქვს  – 
პოეტად  გაჩენის  თარიღი.