წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2368

ავტორი: ზვიად ჯიქური

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ზვიად ჯიქური – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“

რომ არ მიყვარდე

რომ არ მიყვარდე ასე სასტიკად, იცი რა ძლიერ მეძულებოდი?

შენი ადგილი ჯოჯოხეთშია, მე სამოთხეში მეგულებოდი,

შენ ის არა ხარ ვისაც ვეძებდი, რადგან ვერაფრით ვერ დამინახე,

ჩემით გამთბარი პატარა გული, მითხარი ვისთვის გადაინახე?

რომ არ მიყვარდე გაგშორდებოდი და გაგწირავდი, როგორც ცივ ქარებს,

შენსკენ დავძრავდი სიკვდილის ლაშქარს, შემოგიმტვრევდი მაგ გულის კარებს,

მაგრამ რა ვუყო ამ წმინდა გრძნობას, როგორ ჩავარტყა მკერდში ლახვარი?

სხვში გაგცვლიდი იმ წამსვე, უმალ, რომ დამენახა შენი სადარი.

მოგენატრები ვიცი სულ მალე, როცა მიხვდები ჩემს გულის ძგერას,

რომ არ მიყვარდე გაგასწორებდი მიწასთან, როგორც უღმერთოს, ვერაგს,

იქნებ გიყვარვარ მაგრამ მიმალავ ან იქნებ ჩემთვის ბევრი იდარდე?

ოჰ, იცი როგორ გაგამწარებდი, თავდავიწყებით რომ არ მიყვარდე!

სხვის მკლავზე მძინარე

ახლა თუ არ გნახე ვერასდროს მოისმენ,

გულიდან ამოსულს ამ სიტყვებს საამოს,

ვერასდროს ვერ ნახავ ვარსკვლავთა მეჯლისებს

და ობლად დარჩენილ, მოწყენილ საღამოს.

ვერასდროს მიხვდები თუ რარიგ ძნელია ,

გიყვარდეს არსება სხვის მკლავზე მძინარე,

ვერასდროს იხილავ ჩქარი თუ ნელია,

ხრიოკად ქცეული, დამშრალი მდინარე.

არ გინდა, შენს ბაგეს კოცნიდეს ცისკარი?

ვნებები გიღვივოს წყვდიადის თენებამ

და გაგაღებინოს მაგ გულის ჭიშკარი,

წვიმაში გახვართქლულ თეთრონთა ჭენებამ.

კვლავ შენზე ფიქრით და უაზრო ოცნებით,

ხელს ვაწვდენ ზეცაში ვარსკვლავთა მზივამდეც,

მიყვარხარ საღი და შეშლილი გონებით,

მიყვარხარ, მიყვარხარ სხვის მკლავზე მძინარეც.

წამო მთაში

წამო მთაში, მივეახლოდ მკაცრ ბუნებას,

ჩქარა, სანამ გულში გრძნობა ფორიაქობს,

სანამ სულმა მთლად დაიწყო მოდუნება,

შლეგ მდინარეს ჩამოვუსხდეთ შორიახლოს.

წამო ჩქარა, სანამ ნისლი აკრავს მთის წვერს,

სანამ შურთხი შეაფხიზლებს ჯიხვთ საუფლოს,

სანამ არაგვს დაუჭექავს ხეობებში

და ხმაურით სწრაფ კალმახებს ძილს დაუფრთხობს.

მოვიაროთ ჭიუხები საცალფეხო,

და მოასწრო იქნებ გულში ჩახედება,

სანამ ცაზე მოცეკვავე მზის სხივები,

კლდეზე ყინულს ჩამოწველავს ჩანჩქერებად.

დავრჩეთ მთაში, სახლი დავდგათ კლდის ქიმებზე,

მიუვალი, როგორც ბუდე არწივისა,

ყოველ დილით გვაღვიძებდეს მონაქროლი,

გრილი სიო, ანასხლეტი ქარცივისა.

+ + +

მტერმა ვერ შესძლო შენი გენის გადაშენება,

ტაძრის გუმბათებს ამჩნევია დროთა სიძველე,

თურმე რა ყოფა, რა ქარცეცხლი გამოგივლია?

რომ დღესაც გტკივა იმ წარსული წლების სიძნელე.

დაღონებულხარ უსამშობლოდ ,ოშკო, ხახულო,

დარუბანდს ნისლი მოჰფენია, ბორგავს ლაზეთი,

სადა ხარ ახლა? ქართვლის ხმალო ომში ნახულო,

რად არ ირჯები? ამოგვგლიჯეს ცხუმ-აფხაზეთი.

დღეს მაჩაბელი აღარ მღერის ომში შადიანს,

ალგეთში მგელი ვერ პოულობს ლეკვებს გაფანტულს,

წინაპართა სულს არვინ უძღვნის ლოცვას მალდიანს,

რად ვე ვიშუშებთ, ვერ ვიხორცებთ ჯიგარს გაფატრულს?

სად დაიკარგა დღეს დიდგორის სულისკვეთება?

აღმაშენებლის და თამარის სად გაჰქრა ჯიში?

ვინ მოინდომა ჩემი ერის გადაკეთება?

ნუთუ გაწყალდა, დაგვიძმარდა, ხვანჭკარა-ტვიში?

ისევ ყიდიან ურჯულოზე ღვთისმშობლის მიწას,

განა არ გვეყო რაც წაგვართვეს, რაც გაგვიჩუქეს?

ჩუმად ქვითინებს სამაჩაბლო, ოჰ ბორგავს რიწა,

მეძახის ჩემი ნიკოფსია და გულს მიჩუყებს.

რუსთველის მოდგმას ვხედავ ვიღაც არიგებს ჭკუას,

ილიას გზაზე გვითესავენ ეკალს და ღვარძლებს,

უფსკრულის პირას დღეს სატანამ რად მიგვიტყუა?

არ შემიშინდე საქართველო,ამასაც დავძლევთ.

არ უწერია ჩემს სამშობლოს გადაშენება,

არ არის ცხადი, ალბათ სიზმარს ვხედავ საზარელს,

კიდეც რომ მოკვდე, რომ განქარდე, შეწყვიტო სუნთქვა,

მკვდრეთით აღგადგენს მაცხოვარი, როგორც ლაზარეს.

ეს მე ვარ შენი სამშობლო

დინჯად მიყურებ ვერა მცნობ და ვერ მიმხვდარხარ ვინ ვარ,
მრავალჭირ-ვარამნახული, ომში ყველაზე წინა ვარ.
მტრებისთვის რისხვა, ძმისთვის ძმა, ვისთვის ქვა, ვისთვის რკინა ვარ.
ბევრი სიწმინდის პატრონი და გმირთა მოდგმის ბინა ვარ.

თმებით შეკრული ჯვარი და საქრისტიანოს მიწავარ.
ბევრი ღალატის მნახველი, თავგანწირვების ხილვა ვარ.
მე სამშობლო ვარ ვაზისა, შავი ზღვისა ვარ ნაპირი,
კავკასიონის ძირი ვარ, უფლის დიდების საყვირი.

ხან მინათდება ცაზე მზე, ხან ვდარდიანობ მწუხრი ვარ.
მე მიმინო ვარ ვახტანგის, ვაჟას ობოლი ნუკრი ვარ.
ხანაც დიდებით ვივსები, ვით რუსთაველის კალამი,
მტერს ბევრჯერ ავუსხეპივარ, როგორაც ვაზის წალამი.

ბედის უკუღმა ტრიალმა დამხურა სევდის საბანი.
თოთხმეტ ვარსკვლავში ბრწყინდება ჩემი ქართული ანბანი.
ღმერთების სალაპარაკო, ქართული ენის დედა ვარ.
აღვსდგები, როგორც ლაზარე, შავნისლთა გადადენა ვარ.

მრავალი შვილი წამართვეს, დრომ გულის ღარი დალუქა.
ზოგი სპარსეთში წაასხეს, ზოგიც მიყიდეს მამლუქად.
ბევრი ბრმად დამიტირია, ცრემლითა ნაკამკამარით.
სად არის ჩემი შოთა და სად არის ჩემი თამარი?

ვერ მოვიშუშე დიდგორი, ბასიანი და მარაბდა.
კრწანისის ყაყაჩოები და ფარა შავმა ნაბადმა.
ახლაც ყმუიან ალგეთში ლეკვები გულით კაჟები,
ვამაყობ დღესაც გამზრდია სადიდგორელი ვაჟები.

ბევრჯერ მადინეს ცრემლები, ხან ხმლით ხან გესლით მომწამლეს.
ერთ დღეში შემიძენია ასიათასი მოწამე.
ჩემი გმირების ძვალ-ხორცით მთები, გორები აშენეს,
დედაღვთისმშობლის წილხვედრი, მაინც ვერ გადამაშენეს.

მეორედ მოსვლის მიწა ვარ, უფლის კვართი მაქვს თავდებად.
მე ის სიცოცხლის წყარო ვარ, რომ არასოდეს თავდება.
ახლაც ვერა მცნობ? რა მოგდის? მე შენი სადარდელო ვარ,
ეს მე ვარ შენი სამშობლო, ბედკრული საქართველო ვარ.