წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2902

ავტორო: გიგა ვეფხვაძე

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

გიგა ვეფხვაძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“

+ + +
შენ მაშინა ხარ ქართველი, როცა
გტკივა დაშლილი ციხის ქონგური.
მაშინ, როდესაც შენ გულში მღერის
სიმდაჭიმული ძველი ჩონგური.

თუკი შენია სულ ყველა ერთად,
ცას აზიდული სვანური კოშკი.
თუ არ ივიწყებ და გესიზმრება,
ჯერ უნახავი ბანა და ოშკი.

თუკი გაწუხებს შენ გაზაფხულზე
გადაუხნავი ქართლის მინდვრები.
თუ ნიკორწმინდას ჩუქურთმებს კოცნი,
პირჯვარის წერით სიონს მდიდრდები.

თუ ტერასებზე ვაზად გსურს მოსვლა,
თუკი კალმახად თავს გრძნობ არაგვის,
თუ მყინვარწვერის თოვლი ხარ გულში
და ქართულ მიწას კოცნი ბარამდის.

თუ საწნახელში ცქრიალებ მაჭრად,
ქვევრში კი დგახარ ქრისტეს სხეული.
თუკი მეგობარს უდგახარ მაყრად,
თუნდ მტერი იყოს ათასეული.

თუკი რუსთაველს ასწავლი შვილებს,
სტუმარ მასპინძლით მაგალითს აძლევ.
თუკი ექვთიმეს გინდა მიბაძოს
და არ ეძებდეს ამაო განძებს.

თუ სხვის ცეკვაზე ცერები გეწვის,
თუ სხვის ტკივილზე გცვივა ცრემლები.
თუკი დავარდნილს არ მიატოვებ,
ააყენებ და თავზე ევლები.

თუ შენში ქალი სახეა დედის,
ნიშანი ზავის მისი მანდილი.
თუ დაიბადე სამშობლოს მცველად
და სადარაჯოდ იყავ გაზრდილი.

თუკი მაისის წვიმები გიყვარს
და ჯარისკაცის მამა გწამს მამად.
თუკი სიყვარულს გაუნაწილებ
და ყველა მცირეს გაუყოფ ჭამადს.

შენ ქართველი ხარ, თუ ხარ ამაყი,
როცა ჩაკრულოს დასჭექავს ბანი.
თუკი ღელავდი როცა პირველად,
კალმით მოხაზე ანი და ბანი.

თუ გიხარია დიდგორზე გავლა
და გულში გტკივა აჭარის ჯვარი,
შენ თუკი რწმენა აისხი აბჯრად
და სათნოებად ალესე ხმალი.

თუ შეგიძლია მეტეხის ხიდზე
„არა!“ შეიგრძნო ასი ათასი,
თუ ბეთანიის ფრესკები შენთვის
ვით „აი ია“ არის ლამაზი.

დემეტრეს გვერდით თუ წევხარ ფიქრში,
ანდა აგვისტოს გმირებთან ერთად,
თუკი სამშობლოს ტკივილით ერთი,
სულ ერთი ღამე ათიე თეთრად.

თუ საინგილოს გსურს დადო ლელო.
სადღეგრძელოში ლოცვას აგრძელებ.
სამანებს იქით საფლავებს დარდობ
და გადახვეწილ ბედით ქართველებს.

თუკი გრძნობ როგორ დაეცი კრწანისს,
ან მცხეთას როგორ მოგაჭრეს ხელი.
თუ აფხაზეთი შენი დაღია,
სხვის ხელში გოჯი მიწა – ნაღველი.

თუკი მაიას შენ დად გრძნობ – წყნეთელს
და ცხრა ძმის დედა დედაა შენი,
შენ განწირული პაატა თუ ხარ,
ან აკუწული თევდორე მღვდელი…

თუ ქვეყნის ბედი დარდია შენი,
თუ გიხარია ყოველი რთველი.
მაშინ ყოფილხარ ამ მიწის შვილი,
სისხლით და ხორცით ნაღდი ქართველი.

+ + +
ღმერთო სად აღარ გეძებე,
მთა, ტყე და ველი ვიარე,
კიდით კიდემდე ქვეყანა,
სულ ფეხით გადავიარე.

არსად დავტოვე უდაბნო,
კლდის ფერდები და ხევია
შენ სანახავად ცოდვილსა,
ღამეც არ დამიხევია.

ას ზემოთ კიდევ მაგდენი,
შემოვილოცე საყდარი,
სუყველას ვეკითხებოდი –
ჩემი უფალი სად არი?

პირველად მცხეთას მოვდრიკე
მუხლი და მერე ვიარე,
ძამას ხეობა მოვლიე,
სრულიად შემოვიარე.

ლომისის წვერზე გელოდე,
მუცოს აღვაპყარ ხელები,
მოხისის, რუის, ურბნისის,
ბრეთის მოვლიე ველები.

ჯვარზე ვიწერე პირჯვარი
არ მექნა რა ვიქნებოდი?
თელეთს შვილები ვავედრე,
მანგლისს გალობით ვკრთებოდი.

გერგეტს ავლალე მოზვერი
თუმცა სისხლი არ დავღვარე,
ავს გავექეცი, ბოროტსა
თავი საფარას ვაფარე.

არსად დავტოვე ქვაბული,
მღვიმევი არცა ვარძია.
არც სვეტი დამიტოვია,
მარტყოფი არცა კაცხია.

ცამეტ ასურელ მამათა
ყველა ვიხილე ტაძარი,
ყველგან სანთელი ავანთე,
რისი მადლიც კი დავძარი.

შემოვილოცე გელათი,
ნოქალაქევი, ჯუმათი,
ცაში ავსტყორცნე ლოცვები,
ვით ალავერდის გუმბათი.

ილიურთადან დავეშვი,
არ ჩავუარე გუდარეხს,
შუა ვიხილე ბოჭორმა
და მოვეფერე ფიტარეთს.

წმინდა ქალწულის კვალდაკვალ
ცრემლი დავღვარე ფოკაში,
ბოლნური ჯვარი ამბორ ვყავ,
ღამე ვათიე კომანში.

ატენში ხატებს ვემთხვიე,
ნიკორწმინდაში ჩუქურთმებს,
უფალი ყველას მარჯვენას
კეთილისათვის უკურთხებს.

წმინდანებს ვეცი თაყვანი,
სამთავროში და ზარზმაში,
არც ბეთანია დავტოვე,
თავი მეგონა ზღაპარში.

არ დამიკლია მცდელობა,
გძებნე უბისის ფრესკებში,
სარკის გიორგის ვევედრე,
ყინწვისს გავხელდი ფერებში.

დავით გარეჯში ავტირდი,
ვეღარ გადმოველ საზღვარი,
ასი ათასჯერ ვიკითხე –
ჩემი უფალი სად არი?

შავნაბადაზე ამღერდნენ
უფლის დიდებით ზარები
– კაცია უფლის ხატი და
გული სამოთხის კარები,

შიგ ჩაიხედე სად ეძებ,
რისგან გაქვს ნაიარები,
თუ ღმერთი შენში არაა,
სხვაგან რას დაიარები?…