წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2891

ნანა ყალიჩავა

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ნანა ყალიჩავა – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2018 წლის ლაურეატი ნომინაციაში „პოეტის ერთი ლექსი“


პოეტის აგონია

ყველას საფიქრალს ატარებ გულით,
ღამის ვარსკვლავებს ისხამს მძივებად,
დაფორიაქობს სული ფურცლებში
და არ სცალია დასაძინებლად.

სევდა-წუხილიც ეწვევა ხშირად,
ზოგჯერ საღამოც დილა ჰგონია,
ო, რა ძნელია, გაიგო ზოგჯერ
პოეტის დარდი და აგონია.

ჩემი ბიბლია
ეს მე ვიყავი მამულის დედა,
მე ოჯალეშის ლერწებს გირგავდი,
აკვანს გირწევდი, გოლუაფირო,
შენ გაღმერთებდი და შენ მიყვარდი.

შენი ლეგენდის გმირებს ვეძებდი,
შენი წარსულის ვიყავ მეზღაპრე,
გეძებდი ყველგან, ზღვაში, ხმელეთზე
და ვგრძნობდი ერთხელ უნდა მენახე.

ძარღვებში შენი სისხლი მიჩქეფდა,
მისახვედრელსაც შენით ვხვდებოდი,
მე შენი გენის ძახილი მერქვა
და შენს ნაპირებს ვეხეთქებოდი.

მეწურებოდი გულზე ზედაშედ,
შენ მიჯანყებდი სისხლს და გონებას,
მიკიჟინებდი ტკივილთ გაძლებას
არდაცემას და არ დამონებას.

არც მე ვყოფილვარ მონა მშიშარა,
თავიც არასდროს არ დამიხრია,
ქართველი ვარ და საქართველოა
ჩემი ლოცვა და ჩემი ბიბლია.

გიჟის პერანგი
ამაღამ ალბათ არ დავიძინებ,
აღარ გავიშლი ფარდაგს საძილედ
და ერთხელ კიდევ ფრთხილად მოვზომავ,
ისევ გასავლელ გზებს და მანძილებს.

დღეები ასე ვერცხლისფერები
ისევ სიცხიან ლექსებს მაბოდებს,
და მაინც ავკრეფ თეთრ კლავიშებზე
ჭკუიდან შემშლელ ბოლო აკორდებს.

დავუდარაჯებ მზეს განთიადზე,
იქნებ მოვპარო სხივი სამკერდე,
ზღვებზე აფრებად ამშალოს ქარმა
და გადარეულ სიზმრებს დავნებდე

თვალსაწიერი ჯერაც მოჩანს და
მომნატრებია მოსვლა შენამდე,
სანამ მაცვია გიჟის პერანგი
და ქალი მქვია ბოლო გენამდე.

ქვიშის კოშკები
მე ისევ შემშლის შენი ალერსი,
ზღვავ, სატრფოსავით მეჩურჩულები,
ვარ გატრუნული ქვიშის საწოლზე,
ტალღის მოქცევას არ ვეურჩები.

შენ, როგორც ნადავლს მკაცრი ყაჩაღის,
ფეხებთან მიყრი ლამაზ ნიჟარებს,
ოქრონარევი ქვიშის ლოგინში
ღამე მასიზმრებს ცისფერ მირაჟებს.

ვიცი ამ წუთებს მალე გაფანტავ,
ზღვა ხარ და შენსას ვინ რას გაიგებს…
ქარივით მკაცრი კანონები გაქვს
და შენს მოტანილს შენვე წაიღებ.

ქვიშის კოშკებსაც, ვიცი, დამინგრევ,
სხვა არარა მაქვს დასაკარგავი,
თუ ყველაფერი უნდა წაიღო,
მოდი, წაიღე ჩემი ვარამიც.

ნოსტალგია
გადაიფრენენ ცას წეროები,
ჩაიფერფლება თვალთა ჩერონი,
ჩაბრუნდებიან წყლები სიღრმეში,
მობერდებიან მწვანე მდელონი.

როცა მოქცევა წალეკავს ნაპირს,
ცას დააბნელებს შავი ღრუბელი,
ჩაგუბებული სულის სიღღმეში
თვალებს მოწყდება ცრემლი გულწრფელი.

გამომელევა როცა ძალ-ღონე,
ბედთან ჭიდილში ვერას გავხდები,
გარდავიცვლები თეთრ განთიადზე
და შენი თვალის ტბებში ჩავწვები.

გადაკვეთის წერტილი
მე გადაკვეთის ვიპოვე წერტილი,
პულსი საოცარი სიჩქარით მიფეთქავს,
ლექსები მაჟრჟოლებს გენებს მონასხლეტი
და სისხლი ველური საფეთქლებს მიხეთქავს.

ეს სული უფალს და ანგელოზს მორჩილებს,
კაბებად მაცვია ფერები ლაჟვარდის,
სხეულზე რითმები ამდიან ნისლებად
და გაზაფხული ლექსებად მაბარდნის.

სივრცეებს ჩავუმსხვრევ მიხურულ დარაბებს,
შორს სამყაროს მიღმა გადავიჯირითებ,
მე ქვებზე ნარბენი მდინარის ტალღა ვარ,
კალმახი ლექსად რომ მაყრიდა ქვირითებს.
…………………………………………………………………………………..
მე გადაკვეთის ვიპოვე წერტილი.

ვეღარ ავკინძე
რა ციცაბოა ეს აღმართი და რა საშიში,
მაინც მივყვები, ვითომ გულში დარდს არ ვიკარებ,
შემომეძარცვა იმედები, ვით ხეს ფოთლები
და შიშველ სულზე ჩემს სევდიან ლექსებს ვიფარებ.

ვერ დავემალე ცივი ზამთრის სუსხიან ქარებს,
უხეში ხელით რომ შემიხსნა თეთრი საკინძე,
სადღაც გამებნა მძივებივით ნაოცნებარი
და სული ჩემი, ხელმეორედ, ვეღარ ავკინძე.

დაბრუნება
“გონის მორევმა ისევ გამორიყა
სანაპიროზე ჩვენი დღეები”
ბელა ალანია

ეს შემოდგომა ფეხქვეშ ლამაზ ფოთლებს მომაშლის,
საოცარია, შენ საიდან გამომელანდე,
ცელქი ქარები მოგონების ალბომს მიშლიან,
თორემ ბილიკიც აღარ მოჩანს ახლა შენამდე.

ამ ტბაში თეთრი ლოტოსების სული ანთია,
რას ჩურჩულებენ ამ ბინდისას, ნეტავ, ვერხვები,
ტანზე დღესაც რომ შერჩენიათ ჩვენი სახელი,
ვეალერსები, ვეფერები, თრთოლვით ვეხები.

ასე მგონია ისევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს,
უთბილეს სიტყვებს კვლავ ვჩურჩულებ, როგორც ვედრება,
მე შენს ნახვაზე, როგორც ადრე, წამოვწითლდები,
დავიბნევი და კვლავ მუხლები მომეკვეთება.

ნეტავ რომელი ზღაპარიდან შემორჩი ხსოვნას,
მოგონებები მინავლებულ ხანძარს მიალებს,
ვით ზღვის მოქცევა უკაცრიელ ნაპირს ვაწყდები
და ქარიშხალი ცხელ ქვიშაზე მახეტიალებს.

ყოველ მოსვლაზე ვმეოდრები ისევ თავიდან,
მაინც სიმშვიდით ვუმკლავდები ბედის დაცინცას,
ულურჯეს ტბასთან, ლოტოსები სადაც ყვავიან,
ამაოდ ვცდილობ სევდისა და დარდის ჩაძირვას.

მთვარეს წავართმევ
სადღაც სივრცეში, მთრთოლვარე ხელით,
ისევ ვწერ ლექსებს უხმოს, უბგეროს,
ისევ ვაჭენებ ამორძლის ჟინით,
უხედნავ რაშებს; თეთრს და უბელოს.

შენი რძისფერი რიბი-რაბო ვარ,
მომირაჟეა ოცნება ჩემი,
მე შრიალი ვარ თეთრი ნიჟარის
და თვალი ჩემი სივრცეა, სველი.

მე ამ ნაპირზე გავშლი ალაყოჩს
და ოჯალეში ისევ დამათვრობს,
ღმერთების სისხლი შმაგი ენგური,
გადარეული მთვარეს დარაჯობს.

უნდა გავხედნო ეს ურჩი ტალღაც,
ანაკლიასთან ნაპირს გავაღწევ,
ამაღამ ენგურს გავეჯიბრები
და მოტაცებულ მთვარეს წავართმევ.

უდაბნო
უდაბნოს ბოლო არ უჩანდა,
მზერა ჰორიზონტზე გამირბოდა,
ვგრძნობდი, წყურვილი მახრჩობდა და
უფალს შევთხოვე წყალდიდობა.

მივხვდი; გინდოდა დაგეთრგუნე
შენ მირაჟებით მაშინებდი,
მაინც ჯიუტად მივდიოდი,
ამბოხებულ სულს გაჯიბრებდი.

ჩუმად ვატარე თვალით ცრემლი
და მონანიე ჩემი ლექსი…
წყალი არ ჩანდა უდაბნოში
და საკუთარი სული შევსვი!

პალმის მარაო
ზღვაო, რა ზღაპარს მეჩურჩულები,
ნაპირს ატყვია ათასი კვალი,
ვიღაცა მიდის, ვიღაცა მოდის,
ცხოვრება ისევ იწყება ხვალით.

ცხელი ზაფხულის მცხუნვარე ხვატში,
როცა ნაპირზე მარტო იქნები,
როგორც მარაო მწვანე პალმების
ჩრდილივით შენსკენ გადმოვიხრები.

მე გამაგიჟებს სავსე მთვარობა,
გამოვექცევი მოსაწყენ ლოდინს
და ჭალადიდის ულურჯეს ტბაში
ლოტოსის ფოთლის გაგიშლი ლოგინს.

აღარ მიმატოვო
ო, გვედრი უფალო, აღარ მიმატოვო,
შენი ჯვარით და ლოცვით მეცისკროვნე
შენდამი ლოცვა ჩემი ტაძარია,
ჩემი სიბრძნეა და ჩემი მეციხოვნე.

მინდა აღსარება გულწრფელად მოგიყვე
რაც ვერარ გითხარი, რაც დამრჩა უთქმელი…
მე მოვინანიე და დუმილს დავარღვევ,
და შენთან ვიქნები ბოლომდე გულწრფელი.

პოეტის ლექსებიც ხომ აღსარებაა,
სული შემოქმედის ზღვასავით დიდია,
ვით საფეხურები ზემიღმიერისკენ,
პოეტის ლექებიც ზეცისკენ მიდიან.

ღმერთო, მიკარვე შენი თბილი კალთა,
შენი სიყვარული ლოცვად მაბარია,
უფლისადმი რწმენა, მირონი და ჯვარი
ჩემი ბიბლიაა ჩემი ტაძარია.

როგორ გიშველო?!
დგახარ და ცისკენ გიჭირავ თვალი,
თითქოს უფლისგან მოელი შველას,
დადუმებულან შენი ზარები,
დავიწყებიხარ, ციხეო, ყველას.

და გცვივა ქვები, როგორც ცრემლები,
იქნებ ტირიხარ, მართლა ბებერო,
რით გაგიახლო, ნეტავ, დღეეები,
როგორ გიშველო და მოგეფერო?!

იქნება თვლემ და გტკივა მუხლები
და დრო გიგია, როგორც ქვეშაგი,
სიავითა და სისხლით უძღები
ეჩურჩულება ღამეს ეშმაკი.

ვეთაყვანები შენი კოშკიდან
დილით შემოჭრილ სხივთა სინათლეს,
ვინც აგიტანა მზის გულთან ახლოს,
ვინც გაეჯიბრა დროს და სიმაღლეს.

შენს ძველ საძირკველს მოვეფერები,
შენს შუბლზე დარდით შეკრულ ნაოჭებს,
ვიცი, გტკივა და მაინც მხნედ დგახარ
და მოთმინება შენი მაოცებს.

შენი მკერდიდან წვეთავს მირონი
და გცვივა ქვები, ხავსმოდებული,
დგახარ და ცისკენ გიჭირავს თვალი
და იზმორება ათასწლეული.