პრემია ივერია მსჯავრდებულებში…

830

2023 წლის 12 ივლისს, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ შუალედური დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიების მასპინძელი ამჯერად პენიტენციური სისტემა იქნება. ერთ-ერთ დაწესებულებაში შევლენ პრემია „ივერიის“ მონაწილეები და ლაურეატები, – ვანო ჩხიკვაძე, ნანა ჯიქია, ნანა ქავთარაძე, ლალი ასაბაშვილი და თავად დამფუძნებელი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

როგორც იცით, პრემია „ივერიის“ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მსჯავრდებულთა შემოქმედების პოპულარიზაცია, მათი შემოქმედებითი ჩართვა და საზოგადოებაში ინტეგრაცია-რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაა. ამ საკითხებზე ერთობლივად მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტთან ერთად. ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისთვის. პრემია „ივერიაში“ მსჯავრდებულთა შემოქმედება ცართულია პროექტის დაარსების დღიდან.

„მარტოდ დარჩენა და განმარტოება სხვადასხვა რამეა… მარტოდ დარჩენის შიში თავზარდამცემია ადამიანისათვის… განმარტოება კი ხშირად ქვეცნობიერი სარგებლის მომტანი… განმარტოება გადაწყვეტილების მიღების წინ, განმარტოება ფინალის წინ, განმარტოება რთული ოპერაციის წინ, განმარტოება წიგნთან, ბუნებასთან, მოგონებებთან, გრძნობებთან, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელ კითხვებთან და, რაც ყველაზე მთავარია, განმარტოება საკუთარ თავთან…

ცხოვრება ცდუნებებით დანაღმულ გზაზედ ღვთის ანაბარად სიარულია… სამწუხაროდ, ხდება ზოგჯერ ნაღმის აფეთქება და… განმარტოებას კანონი დაგაკისრებს ნებსით თუ უნებლიედ ჩადენილი გადაცდომა… შედეგად ჯერ კიდევ გაუსიგრძეგანებელი მსჯავრი და – იძულებითი განმარტოება… მაგრამ შენთან არს უფალი, არა მარტო შენშია, თავად შენშია უფალი და იწყება გამოვლილი გზის დაუნდობელი რევიზია… ფიქრი… ფიქრი… ფიქრი… მერე ხვდები, რომ სათქმელი გაქვს… თავის სამართლებელი კი არა. უბრალოდ სათქმელი, გულსმოწოლილი და ტვინში გაცრილი…

და აიღებ კალამს ან ფანქარს და სუფთა ფურცელს… აი, მერე კი განმარტოების ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება განთავისუფლებამდე… პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით სიცოცხლენაჩუქარმა პრემია “ივერიამ” აიღო პასუხისმგებლობა კონკურსანტებს შორის ჩაერთო სასჯელთაღსრულების სისტემაში “განმარტოებული” მსჯავრდადებულნიც და… ოი, საოცრებავ!… იმდენი ნიჭიერი ადამიანი გამოვლინდა, იმდენი… თუ არ მეშლება, ერთ-ერთის შეწყალებაზე პეტიციაც კი დაკმაყოფილდა…

ასე რომ, წმინდა ილია მართლის გაზეთ “ივერიის” პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ კვლავაც აგრძელებს დიდი მნიშვნელობის საკითხებზე კულტურულ-სოციალურ ჭრილში მუშაობას და გეპატიჟებათ ყველას – ხანდაზმულებს, ახალგაზრდებს, დაუმარცხებელი სულის – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დროებით განმარტოებულ მსჯავრდებულებს, ქართულად და არაქართულად მოუბარეებს… ისევ, მორიგ ჯერზედ, თავს მოვიყრით ჩვენ-ჩვენი ნაფიქრალ-ნააზრევის წარმოსაჩენად… გისურვებთ წარმატებებს.., გფარავდეთ უფალი…“ – ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი ლადო კახაძე და ყოველ მათგანს წარმატებას უსურვებს. უნდა აღინიშნოს, რომ ლადო კახაძე „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ივერიის სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2014 წლის ლაურეატია. პრემია „ივერიის“ დაარსებიდან მუდმივადაა ჩართული მის ყველა აქტივობაში, მათ შორის მსჯარდებულთა რესოციალიზაციისა და შშმ პირთა ინტეგრაციის საკითხებში, რაც აღნიშნული პროექტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

პრემიის ფარგლებში დაწესებულებაში შემსვლელები მსჯავრდებულებს საჩუქრად საკუთარ შემოქმედებას გადასცემენ. წიგნები ასევე ბიბლიოთეკისთვისაცაა განკუთვნილი. აღნიშნულ პროექტში მუდმივადაა ჩართული მწერალი სოფო ფოცხვერაშვილი, რომელიც პრემია „ივერიის“ ორგზის ლაურეატია და ამჟამად ემიგრაციაში ცხოვრობს, თუმცა საკუთარ წიგნებს უგზავნის.

„წელსაც მზარდი იყო მსჯავრდებულთა პროექტში ჩართულობა, რაც გვახარებს, რაგდან ეს ბევრს ნიშნავს ყოველი ჩვენგანისთვის… ამის გამო მადლობას ვუხდით სპეციალურ პენიტენციურ სისტემას აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. წლევანდელ დასაჯილდოებელთა შემოქმედებაც გამორჩეულია და მეტად საინტერესო. წარმატებას ვუსურვებთ ყოველ მათგანს“, – განაცხადა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ბუგზარ ჭიაბერაშვილმა.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვაკურთხევით, 2013 წლის 28 ნოემბრიდან. პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს შშმ პირების ჩართულობას.