ეთერ ზაქარიაძე – წლის საუკეთესო ემიგრანტი მწერალი

548

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“. პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ეთერ ზაქარიაძე  – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2024 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის საუკეთესო ემიგრანტი მწერალი“

მეგობრებო!

„ცრემლი რომ არ ყოფილიყო,
ამდენ დარდს რა წაშლიდა… ?!“
ასეთი გიყვარდი „შენ მე“!
…მე დავდევ მიძინებულ სევდიან ჰანგებს,
რატომ შეეხე უხეში თითებით სულის კლავიშებს?
ან რატომ მასმევდი ღვინოს დარდიანს, ქარვისფერს?
რატომ ღებავდი წითლად შავ-თეთრ კლავიშებს?…
ახლა კი, გადაუღებლად წვიმს, დღე არ მზეობს,
ღამე არ მთვარობს, ედება ობი ყველაფერს,
მზე-მთვარე ადრე ათბობდა ერთმანეთს,
გზა ოცნებიდან რეალობამდე რატომ ჩახერგე?…
„ძველ სახლს“ დავუბრუნდი, მივაშურე ტყეს,
ვერ ვხედავ ჩიტებს, ხეებიც გაძარცვულა დღეს,
შავ-თეთრი დასდებია მთებს, ეშმაკი ითვლის მკვდრებს,
ხარხარებს, როდესაც მიწაში ეძებენ კაცის ძვლებს…
ირგვლივ ბარდები, ეკალი მიკაწრავდა ფეხს,
მტკიოდა, მაჯით ვერ ვიმშრალებდი ცრემლს,
ბნელოდა, ფეხი წამოვკარი ქვებს,
მიკვირდა, არავინ მაშველებდა ხელს…
ხელების ცეცებით მივიკვლევდი გზას,
გზა ამერია, მივადექი ჩაბნელებულ სახლს,
მთელი ძალით მივაწექი კარს, გაიღო,
მე კი მწარედ შევჩივლე თავს…
შიშით ვეღარ ვიღებდი ხმას,
ოთახში დაშვებულ ფარდებს,
თაროებზე დამტვერილ წიგნებს
დაკვირვებით ვაყოლებდი თვალს…
მივხვდი, რომ ვიყავი იქ, სადც არ გესვრიან ქვას,
სადაც საკუთარ სახლში იგრძნობ თავს,
სადაც მიდის გზა და სტოვებ საბოლოო კვალს…
ვიფიქრე, კონტროლს ვერ გავუწევ სხვას,
რადგან ვერ გაექცევი საკუთარ თავს,
ეს ცხოვრებაა, ბევრს გადაეყრები უგუნურს, ავს,
რომელიც უდანაშაულო ადამიანებს ჰკლავს…
ხედავთ? ძმა როგორ კლავს ძმას,
მამა-პაპის აშენებულ ქალაქებს,
ცეცხლით და ტყვიებით სხლავს… ხედავთ?
ფული როგორ აბრმავებს კაცს…
სიყვარული ვიციო, ეშმაკი უწევს ხმას,
ცოდვებით სავსე, „გოდორს“ თამამად უშვერს მხარს,
არა და ვერა, გოლგოთას მთაზე ვეღარ აიტანს თავს…
მოხდა ის, რაც აკვირვებს ყველას, ისევ წვიმს,
ხანდახან ურევს თოვლს, ელავს, განათების შუქზე
შორს ვხედავ მშვიდობის ცისარტყელას…
ქარი გაფანტავს ცაზე ღრუბლებს,
არწივი მოიშუშებს დაჭრილ ფრთებს,
ისევ დაუკორტნის თვალებს მტერს
და აღარ იწვიმებს „ცა მეტს“… ხედავ?
ჩვენი კანდელი ისევ იწვის, არ იკლებს,
ბავშვები ბადით დასდევენ პეპლებს, მხედავ?
თმები ავიწეწე, ასეთი გიყვარდი ,,შენ მე”,
გავფანტე ღრუბლები, მე შენთვის წვიმაში
ფეხშველა ვიცეკვებ დღეს.

რთულია ადამიანობა…
…რთული ზამთრის შემდეგ, ყვავილებმა კვირტები გაშალა,
მარტი ხასიათს არ თმობდა, თითქოს ჩამოღამდა,
ქალი ეზოს ყვავილებში ჩამჯდარიყო, გვირილას ფურცლავდა,
გაწვიმდა, სახეზე გრილი წვიმის წვეთები სიამოვნებდა…
არავინ იცოდა, მის ფიქრებში ქალი რას მალავდა,
არც არავინ იკითხავდა მის ამბავს „მანიაკის“ გარდა,
გამვლელ-გამომვლელი უყურებდა, სადარდებლად არ ღირდა,
ზოგი ლანძღავდა, ზოგი ლოცავდა, ზოგიც აიგნორებდა…
საკუთარი თავიდან გასულს „ულექსობა“ მობეზრებოდა,
,,არ უყვარხარ იმ უშნოს… უნიჭოს… „უჭკუოს“, გვირილა ეუბნებოდა,
და მაინც ყვითელ ბუტკომდე ფურცლავდა, ვინ იცის,
ქალი გულში რას ფიქრობდა, მარტის ყვავილს არ ენდობოდა…
ცას მოჭუტული თვალებით ახედა, ცუდ ამინდს უწინასწარმეტყველებდა,
ღრუბლები შავი კვამლის ქულებს საომრად აგროვებდა,
ქალი სიზმარს ნატრობდა, არარსებულზე ფიქრობდა,
საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენის ეშინოდა…
წვიმა ცრიდა, მზეს მთვარე, დღეს ღამე ცვლიდა,
ოხ, ეს დრო, აბსურდულია ყველა ლოდინი,
გაუსწრებს იმ ერთ ბოლო წამს, რომელსაც ელოდებოდა?
დროს ვერ გაუსწრებს, წარსულსა და აწმყოში ზღვარს ვერ ავლებს…
პირთან ბოქლომი მოგლიჯეს, ქალი შავ როიალთან ამღერდა,
დაკარგული უსასრულობის ძახილით მღეროდა,
სულის სიღრმეში, წარმოსახვით, აწმყოს ეჭიდებოდა,
ჰანგები ღვთისმშობელს რომ მოესმინა, ატირდებოდა…
ღვინო დალია, ფიქრებში ჩაიძირა, სიზმარს უხმობდა,
გულს ჩაწოლილი ფიქრებით ხან ტორტმანობდა,
ნისლით დახურულ ქოხში საკუთარ თავს ებრძოდა,
ზეცას ხმას ვერ აწვდენდა, ცოდვით ქვაც კი დნებოდა…
სიბოროტის ირონიამ შეიპყრო, ცხენს შუბლზე ნალი დააჭედა,
დაასახიჩრა, გააგიჟა, მოკლა სიყვარული, სიკვდილს აღმერთებდა,
ღმერთი სიკვდილის შიშია, ვაგნერის მუსიკაზე ჰანგებს აჟღერებდა,
სიყვარულს დრო დაუწესა, მტრედი ააფრინა, როიალთან ასე მღეროდა…
დაიბადე? მოხვედი ადამიანო? ვინა ხარ, შენ გსურს გაიგო?
მაშ, გაიარე ის გზა, სადაც ყველაფერს შეხვდები, შეიგრძნე:
ტკივილი, სიხარული, სიყვარული, სასოწარკვეთა,
სიცილი, ტირილი, მონატრება და იმედგაცრუება…
არსება იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება,
ვერ ახვალ გოლგოთაზე, რომ არ წაიქცე, რთულია ადამიანობა,
აღმართი გაჭირვებით უნდა აიარო, შეიგრძნო ეკლების ჩხვლეტა,
შეგცვლის ცხოვრების ეკლები, მიხვდები რას ნიშნავს მწვერვალზე დგომა…
უფალო, ჭეშმარიტების ღმერთო, და რა არის ბოლო?
ცოდვით დავიბადეთ, ნათლით გამოსწორებაზე ვმსჯელობთ,
არაფერია დაუსრულებელი, ის არაფერი ასე რომ ხდება?
ვის შეღაღადოს ადამიანმა თუ არა შენ? გული ცრემლებში იღვენთება…
ქალის და კაცის სიყვარულს დედამიწაზე მიზეზი არ ჰქონდა,
ძლიერი გრძნობებით ხალხი ერთმანეთს შორიდანც ათბობდა,
ზეცის კანონიც ესმოდათ, ჯადოსნური ჯოხიც მათ ჰქონდათ,
დუმილი ბევრის მთქმელია, უსიტყვოდ თქმული შთაგონება…
ფეხმოცარულ, დაბერებულ როიალთან ქალი ისევ მღეროდა:
აქცენტები მიწის ცხოვრებაზე, სიკვდილის შემდეგ არსებობას ჩემობდა,
ვერ უპოვია საკუთარი თავი, იქნებ არც უძებნია?!
რისთვის მოვსულვართ, ან რისთვის ვცოდავთ, ამაზე მსჯელობდა…
ქალი ორი იქს ქრომოსომაა, ის ყველგან იყო, როგორი სახითაც სურდა,
მაგიური სარკე მოძებნა, სადაც რეალურად მის თავს ხედავდა,
ო, სული შიშველია, ბედისწერაა, ადამიანებთან ყოფნა უნდოდა,
ქალის ბედს არავინ წერს, თავად იჯდა და მღეროდა…
იქნებ ქალი ახლაც თამაშობს, კანონჩარჩოში რომ იკეტება?!
უცხო ადამიანებს გაცნობამდე ის გაიცნობდა,
რჩეული თავთან მოჰყავდა, შემდეგ ტოვებდა
და სამყაროში მარტოდ, მიუსაფარად დახეტიალობდა…
რა არის ბოლო, მიწად მოქცევა? სიკვდილის შიშით ცხოვრება?
მიბრძანებ მიყვარდე, „მე ვარ ხსნა შენი“ გულიც გხედავდა,
ვიწროა ადამიანის სულის სახლი, ზეცას ვერ გწვდება,
რო არა ცა და მიწა, შენ მიერ შექმნილი, ადამიანი არ იქნებოდა…
აჩუქე ნატვრისთვალი, ადამიანის გულში დამალე,
საიდუმლოდ დაუწესე სამყაროს აღქმა, დანახვა, შემეცნება,
საკუთარ თავში ნატვრისთვალის ძებნაში სული დაღალე,
არ იცის, ვინ არის, მარტოა თუ, სულში ისევ სხვასთან მღეროდა…
ქალმა და კაცმა ნათელი ფერებით ხატეს ცხოვრება,
არასმქონებმა თავი მოგანდეს „ყოვლის მფლობელსა“,
შეურაცხყვეს ზეციდან მზერა, განევრცო, ინგრევა, იშლება,
ვინ დაგვის, დაასუფთავებს? ვის შეღაღადოს შვილებმა?!.
დრო არ ჩერდება, ნუთუ წარსულთან ერთად აწმყოც გაქრება,
სიკვდილამდე ეძებს ადამიანი იმ ნატვრისთვალს,
დაბადებისას ადამიანის სულში შენ რომ დამალე,
და ნუთუ სიკვდილია სიყვარულში გარდაცვალება?!.
მომავლის იმედით ქალი გვირილას ისევ ფურცლავდა,
„არ უყვარხარ იმ უშნოს… უნიჭოს… უჭკუოს…
„გვირილა ეუბნებოდა, ქალი მარტის ყვავილს არ უჯერებდა,
მომავლის იმედით სულში დამარხულ სიყვარულს ისევ ეძებდა…

ჰოუმინგი
ო, წელი გასული, ადამი, ევა მაცდური,
ცხოვრება ძველი, იყო კაენი, აბელი,
სიცოცხლე სასჯელი, ჯილდოა სიკვდილი,
ცხოვრების სვლის შეცვლა არაა ადვილი…
არა და ვერა, ვერასოდეს მოვა იის სურნელი,
ნაადრევად დაჭკნა, უთქმელობაში გაქრა სათქმელი,
მიზეზი? ვერავინ გაიგო ქალის ღიმილი,
მხრებჩამოყრილი ტირიფის, ხეების ტირილი…
ყვავილმა ვერ გაშალა კვირტი ახალი,
ცაზე დაიხატა ვარდის ტოტები კვირტებდაბერილი,
ხმელ ტოტებს შერჩენოდა ეკლები მტკივნეული,
მზე არ იცინის, მთვარე უყურებს სევდამორეული…
დაპატარავებული დღეები, დედამიწა დაქანებული,
გაქრა ლამაზი ფერები, შეგვრჩა ცხოვრება გათეთრებული,
ჰოუმინგი სამოთხედ მოგონებული,
ტიტა, კესანე, კრაკუსები დაღონებული…
სინამდვილეს თვალს ვერ ვუსწორებთ, გვჯერა ტყუილი,
ვიყიდეთ სიცოცხლე, დავკარგეთ სახეზე ღიმილი,
ვიყიდეთ ვნება, მაგრამ არა სიყვარული,
ვხედავთ უსიცოცხლო ხეებს, რატოა გაშიშვლებული?
ვაი, რომ მიწის ქვეშაც ომებია ცხელი,
ცეცხლს ვერ აქრობს სამყაროდან გაჟონილი ცრემლი,
ერთმანეთს ეომებიან უხორცო ჩონჩხები, უიარაღო ხელით,
იქაც ბევრია მოყვარე, მტერი, ერთმანეთის მჭამელი…
ო, წელი გასული, ადამი, ევა მაცდური,
და ის გველი ლომის ფეხებქვეშ დღეს მოქცეული,
ორმოს თხრის, რომ ჩაძვრეს ტყავგამოცვლილი,
ელანდება პრინცი, ცხენზე ამხედრებული…
ვაჟკაცს არ ავიწყდება ღვინოში სისხლი ჩაწვეთებული,
ფარზე და ხმალზე ფიცი დათქმული, თითი გაჭრილი,
ეკლებიც უყვარს, ტკივილიც დატოვებული,
რადგან ვარდი ადრე ჭკნება უეკლოდ მოწყვეტილი…
ამბობ, რომ ვერ ამოვა ია ქვებში მომწყვდეული?
რომ გავქრებით, როგორც ფოთოლი ხეს მოწყვეტილი?
რომ ქალი ტირის, სახეზე ბადეჩამოფარებული?
რომ ცხენზე უნდა ვიჯდეთ, გასაქცევად მომზადებული?
არ დაიჯეროთ! ქალი არ ტირის, ფარია, ხმალია,
ენერგიაა ის ცრემლი, ვარდების კრეფაში რომ დაიკაწრა ხელი,
ორმო მოთხარა რომ ჩაემარხა ბოროტი გველი,
ცაში რომ აეფრინა ლამაზი მტრედი ჭრელი…
ცა გაიხსნა, წვიმა წამოვიდა ცრემლებად მოგონილი,
ქოლგა არ გაშალოთ, წვეთები წერილია ზეციდან მოგზავნილი,
სიკვდილი არ არის სიცოცხლის დასასრული,
სიკვდილი დასვენებაა, დაღლილი ცხოვრების დასასრულით…
დღესაც ცაში დაფრინავს გაშლილი ფრთებით ელი,
დაეძებს იმ ერთს, ერთხელ ცაში რომ ააფრინა მტრედი ჭრელი,
ამხნევებს იმედი, პანდორას ყუთში ჩარჩენილი,
ჰეი, შენ! ჩიტებს ვერ გააბრიყვებ, სახეს რომ უცვლი,
ელი ისევ ძველ სიმღერას მღერის, ამაოდ ელი!..
გაივლის ზამთარი, მოვა გაზაფხული, ზაფხულიც მოვა ცხელი,
ასფალტსაც ამოხეთქავს ია და იქნება ისევ ლურჯი ფერის,
გაწვიმდება, ქალს თვალებს დაუსველებს ცრემლი,
მზეც გაიცინებს, მთვარეს გაუნათებს მეორე მხარეს,
რომელიც იყო ბნელი… და შენ მიხმობ?!
სისულელეა, მაგრამ მაინც მოვალ,
გაწეწილი, შევერცხლილი თმები მექნება სველი,
აკანკალებული, დაუძლურებული მექნება ხელი,
,,ზღაპარს” კი გადმოგცემ, ის იქნება ძალიან ვრცელი….

ძველი სახლი!
ოქტომბრის თვე მიიწურა,
ფოთოლცვენაში ქალი მიაბიჯებდა,
ერთ დროს ერთად რომ დადიოდნენ,
იმ ბილიკს მიჰყვებოდა, ქარი იბრძოდა,
გაშიშვლებული ხეები შიშით ცახცახებდნენ,
თითქოს სციოდათ, ტკივილისაგან იკლანკლებოდნენ…
რთულია სირცხვილისა და სიცივესთან
ერთდროულად ბრძოლა, ფიქრმა გაიტაცა..
ქალის ფიქრს მოჰყვა გულის ცემა,
„ძველ სახლს“ მიადგა, ეზოს სევდიანად გადახედა,
ეზოს პირბადე მოეხსნა, იასამნები ჭკნებოდა..
გვირილებს გამხმარი ბუტკო შემორჩენოდა,
ახსოვს, ფურცლებს რომ აცლიდა, გვირგვინს კი „ის“ უქსოვდა…
ცხოვრების აეროდრომი მიმონგრეულა და
ასაფრენ ბილიკზე სარეველები მეფობდა…
სულიდან ღაღადისმა ამოხეთქა, ყველაფერი ჩრდილს ჰგავდა,
მელანქოლიის კაეშანმა მძიმედ დაუშვა ფარდა,
ქარი ავად სისინებდა, ქალის ძალას თრგუნავდა,
ჩარაზული კარები ღიად დახვდა…
მიმოიხედა, არაფერი შეცვლილა, ყველა ნივთი ადგილზეა,
მხოლოდ ყველაფერს გახუმებული ფერი დაჰკრავდა,
უსუსური და პატარა ოცნებით ქალი ისევ ჩემობდა,
ვინ ხარ, სად ხარ, რატომ ხარ, ვერ იხსენებდა..
ცხოვრების უსამართლობამ უსასტიკესი, უხეშიც გახადა,
ვისაც ჩააცვა, პირველი ქვა იმან ესროლა,
ხან „აზდაკივით“ იცხოვრა, ხან ,,ყვარყვარედაც“ მოიქცა,
ხან ბეწვის ხიდზე იარა, კითხვებს არ სვამდა,
პასუხს არ იძლეოდა…
ქალში ხომ ასლი მეტია, ვიდრე ორიგინალი?!
მალე ეცვლებოდა აზრი, კვალიც იშლებოდა,
ყველაფერს ვერ გაუძლებ იქ, სადაც „ასლი ადამიანი“ ცხოვრობდა,
ვერ გამოიცნო ქალი და მარტო რჩებოდა…
სულ ზღაპარია ცრემლები, ცრემლებზე ბოდიში,
ღიმილი? –  მაცდური რამდენიც გინდა,
სიკვდილიც ნახა სიზმარში და როგორია?
რა დროს იმიჯია, არ ახსოვდა ან არ ამხელდა…
ერთი უცნაური კაციც შემოხვდა, ვერ წარმოიდგენდა,
ამ ბილიკზე მისნაირი ვინმე თუ შემოხვდებოდა,
„მსახიობების“ შემოერთებაც უწევდა,
უმეტესობას მარიონეტებად აქცევდა…
იყო სამართლიანი, ხანდახან „მამების“ თაობასაც აღარ ინდობდა,
მარტივი არ იყო მათთან ბრძოლა, არა და,
მეტისმეტად უყვარდა…
ბევრი იარა, ბევრი გზა გამოიარა,
„ლანჩმიჭედილი ფეხსაცმელით“  სულ მარტომ იარა,
იპოვა დაკარგა, მერე ისევ იპოვა,
ხან შეუყვარდა ადამიანი, ხან კი შესძულდა…
ვერ ხვდებოდა, იყო, არსებობდა ისევ თუ არა,
რადგან ქვეყანაში სულ სხვა რამ ხდებოდა,
ფასადური „ჭუჭყის“ მიღმა ლამაზი სიყვარული ახსოვდა…
ლამაზი სიყვარული არ იზომება და ღირს კი
ის სიყვარული, რომელიც გაიზომება?!
დიახ, ის ქალია, დედამიწაზე ლამაზ ფერებს ხატავდა,
ქვაზე ფეხი წაიკრა, ფეხსაცმელზე ლანჩი დაკარგა…
შენ ამბობ, ადამიანო, არაფერია, ქალი ქარია,
ქარი ჩადგება და წყენაც გაქრება? ეე, ადამიანო!
ქალი ცეცხლის ალია, ნუ ამბობ არაფერია,
ფეხსაცმელზე წამძვრალი ლანჩი კი ყველაფერია!..
ქალმა ცას ახედა, შავი ღრუბლები მოგროვილიყო,
არავის ესმოდა, ქალი ჩუმად ტიროდა,
მისთვის არავინ და აღარაფერი არსებობდა,
ორივე მუხლზე დაიჩოქა, დამჭკნარი გვირილა მოწყვიტა,
მზე ჩადიოდა…

ქთონური ღვთაება!
…როგორც სიზმარში, დღეს ყველაფერი იცვლება,
მუსიკა მღერის, მომავალზე გვესაუბრება,
გვაშინებს ღამეების საშინელება, შავი ჭირის,
მოარული სენის ისტორია კვლავ მეორდება…
სამყაროში იმაზე მძიმე ვითარებაა,
რასაც ვხედავთ და წარმოგვიდგება,
პიკს აღწევს „გენიოსების“ განვითარება,
ირგვლივ რაცაა, ყველაფერი განადგურდება…
კაცმა შესცოდა, „თემისის“ კანონი დაირღვა,
ნეტარ სიმშვიდეს გამოეთხოვა,
დაუსაბამო წამებით აღივსო, რაც ათენას,
სიყვარულის ქალღმერთისაგან უსასტიკესად ისჯება…
ქვესკნელის მბრძანებელი, ქთონური ღვთაება,
სამმაგი მწუხრით, სამთავიანი ძაღლით,
გველის კუდით სიცოცხლის კარიბჭეს დაეჭიდება,
დედამიწის სამი სამეფოს განაწილება ხელმეორედ მოხდება…
ზევსი, პოსეიდონი და ჰადესი ერთმანეთს დაეჯახება,
ცეცხლის, ომის ღმერთი რეშეთი, ცეცხლის ღვთაებას,
უკვდავებას ბრიგიდს ჩაქრობით დაემუქრება,
კაცის სიცოცხლე მოუსაფარი გახდება…
ტარტაროზი პოსეიდონის ნაჭედი ხმლით მეთაურობს და
ეშმაკებს წინ მოუძღვება ხელში სულეთის გასაღებით,
ცერბერის გამოსახულებით ჯოჯოხეთში იწვევს კაცობრიობას…
ძლიერი სახელმწიფო სხვა ძლიერს ეჭიდება,
სუსტებს ეძახის, ომში იწვევს, – ნებით?
არა! ომში ძალით ითრევენ,
ვისაც ვერ მოერევა, აღქმა მარტივია, – განადგურება მათ ემუქრება…
ხან ვირუსს ქმნიან, ჭირიც ვრცელდება, ჩვილი ბავშვების,
ქალების ამოსაწყვეტად მიწის ქვეშეთში მზადება,
ლექციები ტარდება, ჰადესის სამეფოში
გარდაცვლილთა გადასაყვანად,
მდინარე მლეთეზე გასამრჯელოს ითხოვენ:
გარდაცვლილებს თვალის გუგებზე მონეტები დაადევით,
საიქიოში ურიგოდ მოხვდება…
ჰადესმა ღმერთს  მოპარა წმინდა ნექტარი
და ამბროსია, რომელშიც იყო სიყვარული და უკვდავება,
განა ღმერთის მზერას ვინმე დაემალება?!
საბრალოა და განწირული მშვენიერება…
ბირთვული ომი გვიახლოვდება, შევცოდეთ,
ღმერთმა ადამიანს თავს ზემოთ უმძიმესი ლოდი დაჰკიდა,
რომელიც ჩამოვარდება… ჯოჯოხეთი მიწის ზემოთ ამოტივტივდა,
ქრისტიანი ქრისტიანს კლავს, მუსლიმი მუსლიმს,
დავეცემით ყველა? გვერდით ათასი, მარჯვნივ კი – ათი ათასი?
ოი, ნეტა ვინ გადარჩება?! დავეცეთ მუხლებზე,
ვითხოვოთ შენდობა, დავტკბეთ სიცოცხლით,
ადამიანს ადამიანი ნუ გვეზიზღება,
კაცობრიობის გადარჩენის გზა ქრისტეს გზაა,
კავკასიონის ღმერთს გაეღვიძება,
შეგვიწყალებს და შეგვირიგდება…
დავეცეთ მუხლებზე, ვითხოვოთ შენდობა,
ფანჯრები გავაღოთ, შუქი შემოვა,
მშვიდობის ყვავილი აღმოცენდება,
ქართულ მიწაზე „თვითმორწყვით“
რევანდიც აყვავილდება…