ნაზი ნადირაძე: მიღწეული შედეგები არასდროს არ არის საკმარისი

2926

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი
სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, როელიც მაღალი დონის განათლებას აძლევს მომავალს. ასევე დიდ ღვაწლს ეწევა მოსწავლეების საზოგადოებრივ ცხოვრების ჩართულობაში, როგორც უმცროსი, ასევე მაღალი კლასის მოსწავლეები. სკოლა-ლიცეუმი ჩართულია შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებში და სხვა მრავალ მნიშვნელოვან მოვლენებში. განსაკუთრებული ჟურნალის~ სტუმარია ამ ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული სკოლა-ლიცეუმის, ცოდნის~ დამფუძნებელი და დირექტორი, ქალბატონ ნაზი ნადირაძე. ჩვენს რესპონდენტს უამარავი ჯილდო აქვს მიღებული, თუმცა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია -შშმ პირების რესოციალიზაციის, განათლების, უფლებების დაცვისა და დასაქმების, ასევე სპორტულ-კულტურულ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მათი ჩართულობისთვის უანგარო ღვაწლისთვის“, 2019 წლის 3 მარტს მიიღო წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) ღირსების ორდენი და საქართველოში შშმ პირების მოძრაობის ფუძემდებლის, აკადემიკოს ზაზა სიხარულიძის პრემია.
ნაზი ნადირაძე: სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ დაარსდა 1995 წელს, ვარ მისი დამფუძნებელი და დირექტორი დღემდე. იგი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. გაძლიერებული პროგრამით ისწავლება მათემატიკა და ინგლისური. მოსწავლეები დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე იმყოფებიან სკოლაში. თანამშრომლები ცდილობენ სკოლაში თბილი და ოჯახური გარემო შეუქმნან მოსწავლეებს.

– ქალბატონო ნაზი, რა პიროვნული თვისება უნდა ახასიათებდეს პედაგოგს მოსწავლეების მიმართ?

– მასწავლებელს, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს ბავშვები, უნდა იყოს მომთმენი, თანამგრძნობი, ტოლერანტული, სამართლიანი, ობიექტური, მიუკერძოებელი. მასწავლებელი პატივს უნდა სცემდეს მოსწავლის ღირსებას, მიუხედავად მისი ასაკის, სოციალური და გნებავთ რელიგიურ-ეთნიკურობისა.

– განათლების რეფორმა ყურადღებას ამახვილებს მოზარდის ყოფაქცევასა და აღზრდაზე. რას ფიქრობთ რეფორმის ამ ნაწილზე და თუ არის ისეთი რამ, რაც მიუღებელია ან პირიქით – მისაღებია თქვენთვის?

– სასიხარულოა და მისასალმებელია, რომ განათლების რეფორმა ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ მოსწავლის სწავლების ხარისხზე, არამედ მოსწავლის აღზრდაზეც, რაც, ვფიქრობ, სკოლის და მასწავლებლის უპირველესი მოვალეობაა – კეთილსინდისიერი, ღირსეული ადამიანების აღზრდა.

– რას გვეტყვით იაკობ გოგებაშვილის დედაენის სკოლაში დაბრუნებაზე?

– ჩემი აზრით, იაკობ გოგებაშვილის დედაენას ჯერჯერობით ალტერნატივა არ გამოუჩნდა, რაც მშობელთა გამოხმაურებამაც დაადასტურა.

– რამდენად ქართული და ეროვნულია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე?

– თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე საკმაოდ ქართული და ეროვნულია. ვფიქრობ, ლიტერატურის სწავლებისას მეტ-ნაკლებად უნდა ისწავლებოდეს უცხოური ლიტერატურაც, მოსწავლეთა წიგნიერებისა და მსოფლიო მოქალაქეებად ჩამოყალიბების მიზნით.

– როგორ ახერხებენ მოსწავლეები სწავლის პროცესში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას?

– ჩვენი სკოლა ორიენტირებულია უშუალოდ მოსწავლეთა შესაძლებლობების გაზრდა-გამოვლინებაზე. საგაკვეთილო პროცესში პრიორიტეტულია უშუალოდ მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლინება, რაც ხორციელდება სხვადასხვა აქტივობებით. მაგალითად: პრეზენტაცია, დისკუსია, პროექტით სწავლება და ა.შ..

– რით გამოირჩევა თქვენი სკოლა სხვა სკოლებისგან?

– ჩვენს სკოლაში ძირითადად აქცენტი კეთდება თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე, რისთვისაც დროსა და ენერგიას არ ზოგავს არც ერთი მასწავლებელი. ამასთან გაკვეთილების პროცესში აქტიურად გამოიყენება სწავლების ინოვაციური მეთოდები, ტექნოლოგიები.

– რა პრობლემებს ხედავთ სკოლის წინაშე და რის გაკეთებას აპირებთ მომავალში?

– მიღწეული შედეგები არასდროს არ არის საკმარისი, ამიტომ ვზრუნავთ მასწავლებელთა ინტენსიურ პროფესიულ გადამზადებაზე, ვეხმაურებით ყველა სიახლეს, ინოვაციას, გამოწვევას.

– ქალბატონო ნაზი, როგორ შეაფასებდით თანამედროვე ახალგაზრდობას, რომლებსაც სკოლები ზრდიან?

– თანამედროვე ახალგაზრდობა გამოირჩევა თავდაჯერებულობით, სიახლეების ძიებით, შინაგანი თავისუფლებით, ასევე წიგნიერებისადმი ინტერესით, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ემოციურად დამოკიდებულება ქმნის ურთიერთობების დეფიციტის შექმნის საფრთხეს. ამდენად, ვფიქრობ, ამ მხრივ, განათლების სისტემას გარკვეული ტიპის სამუშაოების ჩატარება მოუწევს.